„ტვ პირველის“ ოპერატორისა და ჟურნალისტის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დავით კუტალაძის განცხადებით, ის ტრადიციების დაცვის გამო ცნეს მოძალადედ

„ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დავით კუტალაძის განცხადებით, ის ტრადიციების დაცვის გამო ცნეს მოძალადედ. მან სხდომათა დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს „მონები" უწოდა.

„სწორედ ტრადიციების დაცვამ მომიყვანა აქ და ამ ტრადიციების დაცვის გამო მცნეს მოძალადედ. მიჩივის "ტვ პირველი", ჟურნალისტების საჩივრების საფუძველზე მოხდა ჩემი აქ გამოკეტვა. 28 დისკი აქვთ წარდგენილი, ჩემი სტუდია უნდა გავხსნა აქედან რომ გავალ, იმდენი დისკი აქვთ წარდგენილი. 33 დღე ვიშიმშილე, 45 კილო მაქვს დაკლებული, თავის შეცოდების მიზნით არ მიშიმშილია. როცა ჩემ რელიგიას, ჩემ დედა ღვთისმშობელს და ტრადიციულ მუსიკას ე.წ. ლგბტ წარმომადგენლები შეურაცხყოფდნენ, მათ იცოდნენ, რომ ქართველი ადამიანების გაღიზიანებას გამოიწვევდნენ, მათ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმეს.

"ტვ პირველის" და მსგავსი არხების შინაგანი სიძულვილი და თქვენი ნამდვილი სახე მაშინ გამოვლინდა, როცა გამოაცხადეს, რომ ჟურნალისტს ხელი კრეს, გადმოაგდესო და კომაში ჩავარდნილი გადაიყვანესო, შემდეგ ვნახეთ, კომაში ჩავარდნილი შარვალს როგორ იფერთხავდა და ამბობდა, ხელი არავის უკრავსო. ანალოგიური მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც, ბუმერანგის სახით დაგიბრუნდათ, ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი სინამდვილეში რომ დადასტურდა და ჩვენთვის მოწებება რომ უნდოდათ. თქვენ ასეთები ხართ, თქვენ თავისუფლები არ ხართ, თქვენ ხართ პიროვნებების მიერ მართული მედია",- განაცხადა კუტალაძემ.

კუტალაძის ადვოკატის ონისე მარღიანის განცხადებით, მირანდა ბაღათურიამ გამოძიებას ურთიერთგამომრიცხავი ორი ჩვენება მისცა. ადვოკატის თქმითვე, პროკურატურა აცხადებს, რომ ბაღათურიამ პირველი ჩვენება აფექტის მდგომარეობაში მისცა, რაც მისივე განმარტებით სიმართლეს არ შეესაბამება.

"მომხდარიდან 7 საათში დაკითხეს. ბარში ისვენებდა მეგობრებთან ერთად. ეს აფექტია? ბაღათურია ამბობს, რომ დავით კუტალაძემ ხელი გაარტყა. კუტალაძე ქართული ტრადიციული მენტალიტეტისაა, რაც ქალის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას გამორიცხავას. მე მიმაჩნია, რომ ეს ხალხი უდანაშაულოა",- განაცხადა მარღიანმა.

ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდზე 6 პირია ბრალდებული, ისინი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.

ეპიზოდზე, რომელშიც 27 ბრალდებულია, 53 დაზარალებულია. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო