იუსტიციის მინისტრის განცხადებით, თუ სააკაშვილის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა აუცილებელი გახდება, ის იზოლირებული იქნება და მისი უსაფრთხოებისთვის ყველაფერი გაკეთდება

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გახდება აუცილებელი, ის საავადმყოფოში იზოლირებული იქნება და მისი უსაფრთხოებისთვის ყველაფერი გაკეთდება. ამის შესახებ ბრეგაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ბრეგაძემ უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, სააკაშვილის იზოლირება სხვა პატიმრებისგან ვერ მოხერხდეს და აღნიშნა, რომ სამინისტროს პრიორიტეტია პატიმრის უფლებები დაცული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყოს.

„რუსთავის მე-12 დაწესებულება არ არის სამკურნალო დაწესებულება. გუშინაც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ იმ შემთხვევაში, თუ დადგება ჰოსპიტალიზაციის საჭიროება, ის გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. ეს არის სამკურნალო დაწესებულება“, - განაცხადა ბრეგაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ყოფილი პრეზიდენტი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში შურისძიების მიზნით გადაჰყავთ, იუსტიციის მინისტრმა უპასუხა: „მკურნალობა შურისძიებაა? რატომ არის შურისძიება, იქნებ განმარტოთ!“

„რაც შეეხება თითქოსდა რაიმე სახით შურისძიებას, რაც მე პირადად არ მომისმენია, ჩვენ მრავალგზის განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მიზანია დაცული იყოს პატიმრის უფლებები და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური. სწორედ ამ მიზნით ჩვენ მივმართეთ სხვადასხვა უწყებებს და ჩამოყალიბდა არაფორმალურად ინფორმაციის გაცვლის პლატფორმა, რომელშიც არის სახალხო დამცველი, პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარე და რეგულარულად ვცვლით ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

გარდა ამისა, ჩამოყალიბდა სპეციალური ჯგუფი ექიმებისგან, შედგა კონსილიუმი და ჩვენ მათგან გარკვეული რეკომენდაციები მივიღეთ, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა შესრულებულია. თუკი ეს რაიმე სახის შურისძიებაა, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერავინ გააკეთებს. საავადმყოფოში, რა თქმა უნდა, იზოლირებული იქნება. რაც აუცილებელია მისი უსაფრთხოებისთვის ყველაფერი გაკეთდება“, - აღნიშნა ბრეგაძემ.

კითხვაზე, ხომ არ გადაიყვანენ სააკაშვილს მე-18 სამკურნალო დაწესებულების ნაცვლად სამოქალაქო საავადმყოფოში, იუსტიციის მინისტრმა უპასუხა: „ყველა პატიმარი კანონის წინაშე თანასწორია და მიდგომა ყველას მიმართ აბსოლუტურად თანასწორი იქნება“.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საჭიროება მალე დადგება, თუმცა ხელისუფლებას სურს მისი გლდანის ციხეში გადაყვანა, სადაც უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა