საბა ბუაძე - დღეს კომუნიკაცია მქონდა „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირებთან, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს ინდივიდუალურ რეჟიმში კოალიციურ შემადგენლობასთან თანამშრომლობაზე

მე დღეს მქონდა კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირებთან, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს ინდივიდუალურ რეჟიმში კოალიციურ შემადგენლობასთან თანამშრომლობაზე, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც მან ნიკა მელიას მიერ წარდგენილი თბილისის მთავრობის „ჩრდილოვანი კაბინეტი“ შეაფასა.

როგორც საბა ბუაძე განმარტავს, „ქართულ ოცნებაში“ მოახლოებული ცვლილებების აუცილებლობას ხედავენ და "მათი კანკალი მთელი დღის განმავლობაში იგრძნობა".

"მათი ეს ზღვარგადასული აგრესია ერთადერთია, რაც დაუპირისპირეს აბსოლუტურად პოზიტიურ განაცხადს, რაც ოპოზიციამ გუშინ გააკეთა. შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მთელი დღე აქტიური კომუნიკაცია მაქვს სხვადასხვა ადამიანთან, ძალიან საინტერესო კომუნიკაცია მქონდა „ქართული ოცნების“ მოქმედ თანამდებობის პირებთან, მათ შორის, ადგილობრივ დონეზე. ისინი მოახლოებული ცვლილებების აუცილებლობას ხედავენ. შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ მე დღეს მქონდა კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირებთან, რომლებმაც ინდივიდუალურ რეჟიმში, ამ კოალიციურ შემადგენლობასთან თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვეს. „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ამოწურა საკუთარი თავი, „ოცნების“ რიგებშიც ძალიან კარგად ხვდებიან ამას, დღევანდელი კომუნიკაცია ამის დადასტურება იყო“,- აღნიშნავს ბუაძე.

საბა ბუაძე არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ რიგებიდან ახლად არჩეული დეპუტატების გადინება მოხდეს და ნიკა მელიას გუნდს არჩევნებში საკრებულოს მხარდაჭერის მიღების პრობლემა არ ჰქონდეს. აღნიშნულით მან დედაქალაქის მოქმედი მერის კახა კალაძის განცხადებაც შეაფასა, სადაც მან აღნიშნა, რომ სასაცილოა ოპოზიციის მიერ თანამდებობებზე კანდიდატების წარდგენა, რადგან თბილისის მთავრობას საკრებულო ამტკიცებს, სადაც უმრავლესობა "ქართულ ოცნებას“ ჰყავს".

„პირდაპირი წესით არჩეული ქალაქის მთავრობის დადასტურება არის ფორმალური აქტი, მაგრამ „ქართული ოცნება“ ვერცერთ შემთხვევაში წინ ვერ აღუდგება ამ ცვლილებას. თბილისში და საქართველოს დიდ ქალაქებში გამარჯვების შემდეგ, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებლად ძალიან სერიოზული ცვლილება იქნება საკრებულოშიც. „ქართულ ოცნებას“ დღეს აქვს ძალიან მინიმალური უმრავლესობა, რომელიც აუცილებლად შეიცვლის თავის კონფიგურაციას.

ისტორიული გამოცდილებაა, როდესაც მასშტაბური სახელისუფლებო ცვლილება ხდება, შემდეგ კი ძალთა ბალანსი არჩეულ ორგანოებში იცვლება. 2012 წლის შემდეგ რა მოხდა საკრებულოში? მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა უმრავლესობა საკრებულოშიც, მერიც მათი იყო და „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და გამარჯვების ეფექტის გამო, შეცვალა ძალთა ბალანსი საკრებულოში. ეს აუცილებლად მოხდება, მით უფრო, რომ „ქართული ოცნება“ არ არის ღირებულებების გარშემო გაერთიანებული პოლიტიკურ ძალა. იქ არსებული ადამიანების დიდი ნაწილიც აცნობიერებს რამხელა კრიზისში შეჰყავს „ოცნებას“ ქვეყანა. სხვადასხვა მიზეზის გამო, არჩევენ, რომ უფრო პასიურები იყვნენ, მაგრამ გადამწყვეტი მომენტი დადგება და ეს ადამიანები საკუთარ სიტყვას აუცილებლად იტყვიან“, - აღნიშნავს ბუაძე.

საბა ბუაძის ინფორმაციით, პარტია "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თავად გამოთქვა სურვილი ოპოზიციის კოალიციურ კაბინეტში იყოს, "რასაც პოზიტიურად შეხვდა ელენე ხოშტარია, ნიკა მელიამ კი აღტაცება გამოხატა".

„კოალიციასთან დაკავშირებით მზაობა ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა დააფიქსირა. ეს არის ჯანსაღი პოზიცია, ეს ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც კოალიციურ მმართველობას უჭერენ მხარს, ზუსტად აცნობიერებენ რა სჭირდება ამ ქვეყანას.

თამასის ასე მაღლა აწევა პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ მამუკა ხაზარაძის ინიციატივა იყო. მან გამოთქვა მზადყოფნა, რომ ის შემოსულიყო ამ ბრძოლაში. ამან გამოიწვია ძალიან პოზიტიური ემოციები იქ მყოფ ადამიანებში. ელენე ხოშტარიამაც თქვა, რომ თუ ეს ასე მოხდებოდა, ისიც ჩაერთვებოდა. ნიკა მელია ამას ძალიან პოზიტიურად შეხვდა, ძალიან სერიოზული აღტაცებით. იმ მომენტში ძალიან კარგად დავინახეთ, რასთან გვაქვს საქმე, რამდენად უპრეცედენტო რაღაც შეიძლება შექმნილიყო. მართლაც ძალიან გახარებული ვარ, რომ გამოვიდა. ეს ამ ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატის ცვლილებას შეუწყობს ხელს. ოპოზიციას უჭირავს ხელში პოზიტიური დღის წესრიგი, ოპოზიციას უჭირავს ხელში გამარჯვების ფორმულა“, - აღნიშნავს ბუაძე.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დედაქალაქის მთავრობის კოალიციური შემადგენლობა წარადგინა. მერის მოადგილეობის კანდიდატებად მელიამ მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე დაასახელა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო