გიორგი ნარიმანიძის ადვოკატი  - პროცესს აქვს ერთადერთი მიზანი - ადამიანების სამაგალითო დასჯა პოლიტიკური ოპონენტების მხარდაჭერისთვის

სამწუხაროდ, სასამართლო დღეს არის ჩვენი პოლიტიკური ხელისუფლების განუყოფელი ნაწილი - პროკურატურის პოზიციას იზიარებს უაპელაციოდ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებული გიორგი ნარიმანიძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ გიორგი ნარიმანიძეს მიხეილ სააკაშვილთან რაიმე შემხებლობა ჰქონდა.

„მასალებში არაფერი არ არის ისეთი, რაც დაადასტურებს, რომ ბრალდებულს რაიმე შემხებლობა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რომც იყოს კავშირი, დანაშაულის დაფარვა, რომელიც არის სისხლის სამართლის დანაშაული, ჩადენილი საერთოდ არ არის. დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იქნა გამოყენებული სრულიად უსაფუძვლოდ. ზოგადად აღსრულების სტანდარტი არის ასეთი, რომ ადამიანის თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება პროკურატურის შიშებზე დაყრდნობით.

ადამიანებს პანტა-პუნტით შაბლონების საფუძველზე უსჯიან, სვამენ ციხეში“, - განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული საქმე პოლიტიკურია და „ქართული ოცნება“ ადამიანებს ოპონენტების მხარდაჭერისთვის სჯის.

„ნარიმანიძე ამჟამად იყენებს დუმილის უფლებას, ის სავარაუდოდ, ბრალს არ აღიარებს არც მომავალში იმიტომ, რომ დანაშაული ჩადენილი არ ყოფილა. ამასთან ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არა არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის წმინდად პოლიტიკური პროცესი და ეს ადამიანები, ნარიმანიძეც, დაახლოებით იგივე საქმეზე დაკავებული წოწორიებიც, ცომაიაც არიან რეალურად მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რეპრესიების თაიგულში მოყოლილი ადამიანები. ამ პროცესს არავითარი საერთო არ აქვს მართლმსაჯულებასთან და აქვს ერთადერთი მიზანი, პოლიტიკური ანგარიშსწორება და ადამიანების სამაგალითო დასჯა პოლიტიკური ოპონენტების მხარდაჭერისთვის, მათი რეპრესირება, მათი მოტივაციის დაწევა, რათა ამ ადამიანებმა თავი შეიკავონ ისეთი ქმედებების განხორციელებისგან, რომელიც მმართველ ხელისუფლებას არ ესიამოვნება“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ამასთან, გიორგი ნარიმანიძის ადვოკატის, გიორგი გოგინავას განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით გასაჩივრდება.

„რაც შეეხება პატიმრობის გასაჩივრების საკითხს ჩვენ მას აუცილებლად გავასაჩივრებთ, მაგრამ არ გვაქვს ასევე მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას რაიმე ფორმით შეცვლის“, - განაცხადა გიორგი გოგინავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა