დავით სერგეენკო - ანტივაქსერების მოძრაობა წარმოუდგენლად ორგანიზებულია, ამის მეათედი ორგანიზებული რომ იყოს ვაქცინაციის კამპანია, პრობლემა უკვე დახურული იქნებოდა

რა თქმა უნდა, გვაქვს დაგვიანებული ნაბიჯები. დიახ, ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც იმუნიზაციის პროცესი შეაფასა.

მისივე განმარტებით, დღეს გვაქვს მდგომარეობა, როცა აზრი აღარ აქვს ტალღების თვლას, რადგან სახეზეა მონაცემების გაუარესების ტენდენცია.

„გავაკეთოთ დღევანდელი მდგომარეობის შეფასება - სად ვართ და რა უნდა გაკეთდეს აუცილებლად და სასწრაფოდ? ვართ იქ, რომ ტალღების თვლას - მესამეა, მეოთხე თუ მეხუთე უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მონაცემები, რაც გვაქვს, არის გაუარესების ტენდენციით, რაც გასაგებია რასაც ნიშნავს - მეტ დაავადებულს და სამწუხაროდ, მეტ გარდაცვლილს. შესაძლებლობა ჯანდაცვის სისტემას აქვს, რომ 10-ჯერ და 15-ჯერ მეტი ადამიანი აცრას, ვიდრე ეს კეთდება დღეს და ეს არის უბრალოდ გადამწყვეტი.

დღეს გვაქვს საშუალოდ 3 ათასი აცრა და ჩემი გათვლებით, მინიმუმ 50 ათასი ვაქცინა უნდა კეთდებოდეს დღეში. პირველი ნაკადი, რომლის აცრაც ზაფხულში დაიწყო, იყო იმ ადამიანებისგან შემდგარი, რომლებსაც ჰქონდათ სწორი ინფორმაცია და სწორი განწყობა, რომ ეს საჭიროა. ახლა გვაქვს სურათი, როცა საზოგადოების არც თუ ისე მცირე, მე ვიტყოდი, მნიშვნელოვან ნაწილს აქვს ნეგატიური დამოკიდებულება ვაქცინაციისადმი. ის სეგმენტი, რომელსაც ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ ვაქცინაცია საჭიროა, პრაქტიკულად დაფარულია, რადგან საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობდა - ბილბორდები, განცხადებები, კლიპები ტელევიზიებში. ახლა აუცილებელია გაკეთდეს მდგომარეობის თვისობრივი შეფასება. ამ დარგის მაღალი დონის ექსპერტებმა, ვგულისხმობ კომუნიკაციის მცოდნე ადამიანებმა უნდა შეაფასონ, რატომ არის ეს რეზისტენტობა საზოგადოებაში და რჩევა მისცენ ჯანდაცვის სისტემას. ეს ცნობილი იყო, რომ მივიდოდით იქამდე, სადაც ახლა ვართ.

ახლა ვაქცინაციის კამპანიაში რაოდენობრივი კომპონენტის გაზრდას აზრი არ აქვს. 10 ბილბორდი იქნება, 100 თუ 1000, 300 საეთერო წუთი იქნება კლიპების თუ 3000, უბრალოდ არაფერს შეცვლის.

აგრესიული რეზისტენტობის მიზეზებს უნდა სწორი და სწრაფი შესწავლა პროფესიონალების მიერ, რომლებმაც კი არ უნდა შეისწავლონ და გვითხრან, რომ აი, პრობლემაა - ეს ისედაც ვიცით, უნდა გვითხრან გამოსავალი, რა სახის კომუნიკაცია შედგეს მათთან.

ანტივაქსერების მოძრაობა საქართველოში წარმოუდგენლად ორგანიზებულია. ამის მეათედი ორგანიზებული რომ იყოს ვაქცინაციის კამპანია, ახლა უკვე პრობლემა დახურული იქნებოდა.

ახლა რაც მიდის ვაქცინაციის მხარდაჭერის კამპანია, მას აკლია როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი კომპონენტი. ეს უნდა იყოს ბევრად უფრო სისტემური კამპანია, თუნდაც როგორც წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც წალეკილი აქვს საინფორმაციო სივრცე.

დაგვიანებული ნაბიჯები, რა თქმა უნდა გვაქვს - დასახული გეგმა იყო წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაცია და ახლა არის ამის ნახევარი. დარჩენილი ორი თვე არ გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს გეგმა შესრულდება. ასე რომ, დიახ, ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება იმას, ვინ არის შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებელი, სერგეენკოს თქმით, „საომარი მოქმედებების დროს დამნაშავეების ძებნა არ შეიძლება“.

„ხშირად ადამიანები კითხულობენ, ვინ არის პასუხისმგებელი. ჩვენ ვერ ვხედავთ ვირუსს, მაგრამ ვართ საომარ მდგომარეობაში და საომარი მოქმედებების დროს უბრალოდ არ შეიძლება დამნაშავეების ძებნა. მთელი რესურსი უნდა იყოს მიმართული ბრძოლისკენ“, - აღნიშნა სერგეენკომ.

რაც შეეხება კითხვას, უთხოვია თუ არა ეკატერინე ტიკარაძეს მისთვის, როგორც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრისთვის, პანდემიის მართვის და უშუალოდ იმუნიზაციის პროცესთან მიმართებაში რჩევების მიცემა, სერგეენკომ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მოქმედ მინისტრს მისთვის რჩევა არ უკითხავს.

„რჩევის მიცემა ჩემთვის არ უთხოვია. მაქვს კომუნიკაცია, მაგრამ ამაზე ჩემთვის რჩევა არ უკითხავს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა