ზვიად ძიძიგური - თუ პარტიიდან წასვლა ღალატია, ეს პირველად ივანიშვილმა ჩაიდინა, ის წავიდა პარტიიდან, მისი წასვლა თუ გმირობაა, გახარიას წასვლა რატომ არის ღალატი?

მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ჩამოვიდა ქვეყანაში, ყოველდღიურ რეჟიმში, დღის წესრიგში მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია. ამას მხოლოდ მისი ციხეში ყოფნა კი არა, ხელისუფლებაც უწყობს ხელს, - ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ძიძიგურის თქმით, ისეთი ორპოლუსიანი, როგორიც ახლა, საქართველოს პოლიტიკური სიტუაციაა, დიდი ხანია არ ყოფილა.

„ამას ხელი შეუწყო სააკაშვილის ჩამოსვლამ, მეორე მხარეს კი ბიძინა არ ჩანს. მეც და საქართველოს მოსახლეობის 90%-მა იცის, რომ ბიძინა არსად წასულა, უბრალოდ ის აქ არის და თავისი პაიკებით მართავს ისე, როგორც თავად მიაჩნია სწორად.

ძალზედ კრიტიკული სიტუაციაა. მეორე ტურის წინ ოპოზიციის ასეთი გააქტიურება არის ხელისუფლებისთვის სერიოზული დისკომფორტი. ის მრავალათასიანი შეკრება, რომელიც 9 წლის განმავლობაში არ მომხდარა, ადასტურებს ოპოზიციური ამომრჩევლის მუხტი და მობილიზაცია არის გაზრდილი. როგორც ვიცი, 29 ოქტომბერს ხელისუფლებაც აპირებს დიდი მიტინგის ჩატარებას, თუმცა ეს არის ნაკლებად ეფექტური. ოპოზიციური მიტინგი უფრო ეფექტურია და მას უფრო დიდი ფასი აქვს, ვიდრე ხელისუფლების მიერ მოყვანილ ადამიანებს“, - განაცხადა ძიძიგურმა.

მისივე თქმით, ყველგან, სადაც „ქართული ოცნება“ მეორე ტურში დამარცხდება, დაიწყება მთლიანი სახელისუფლებო შენობის რღვევა.

„კარგად იციან, რომ სადმე დამარცხების შემთხვევაში ხელისუფლებას ბზარები გაუჩნდება. ბევრჯერ გვინახავს ხელისუფლების უშრეტი რესურსი, მაგრამ არჩევნები წაუგიათ და ამას 2012 წელი ადასტურებს. სხვათა შორის, სააკაშვილი არანაკლებ მობილიზებული იყო, რესურსიც სერიოზული ჰქონდა, იმ დროს სახელისუფლებო ვერტიკალიც გაცილებით უფრო ძლიერი იყო, ვიდრე დღეს. ახლაც იგივე სიტუაციაა, რაც მაშინ - 9 წელი ერთი და იგივე ხელისუფლება და სახეებია“, - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა გიორგი გახარიაზე და „ქართული ოცნებიდან“ მისი წასვლა შეადარა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას მმართველი გუნდის დატოვების შესახებ.

„თუ პარტიიდან წასვლა არის ღალატი, ის პირველად ივანიშვილმა ჩაიდინა. ის წავიდა საკუთარი პარტიიდან, მისი წასვლა თუ არის გმირობა, გახარიას წასვლა რატომ არის ღალატი? სტანდარტები არის არეული და თუკი ერთი სტანდარტით ვუდგებით, მაშინ ორივე ღალატი უნდა იყოს.

შეუძლებელია ერთი პოლიტიკური ძალა იყოს მუდმივად ხელისუფლებაში. რამდენი ხანი გინდა, რომ ხელისუფლებაში იყო? ეს ხომ არ არის მარადიული მოვლენა? მომწიფებულია ხელისუფლების ცვლილება. ეს არის დროის საკითხი და ეს არის გადაწყვეტილი თემა. რამდენიმე ძალისგან ხელისუფლების ფორმირებაზე უარი თუ ვთქვით, დავანებოთ თავი ამ დემოკრატობანას თამაშს და ვთქვათ პირდაპირ, რომ ჩვენ გვინდა მონარქია“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს