მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. ბრაიზა პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ძალებზე თანაბრად ანაწილებს და მიიჩნევს, რომ აუცილებელია მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ. ბრაიზა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის რისკებზეც საუბრობს იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას ვერ შეძლებს...

- ბატონო მეთიუ, პირველ რიგში მადლობას გიხდით, რომ გამონახეთ დრო და დაგვთანხმდით ინტერვიუზე. თქვენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს წლებია აკვირდებით. როგორ შეაფასებდით ქვეყანაში ახლა განვითარებულ პროცესებს?

- მადლობა მოწვევისთვის. ჩემი აზრით, საქართველოში ამჟამად ძალიან დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობაა, რაც ჩემს იმედგაცრუებას იწვევს. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში კვლავ პოლიტიკური დაძაბულობაა. ამას ემატება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 19 აპრილს მიღწეული, შარლ მიშელის შეთანხმების გაუქმება. საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ საკააშვილის დაბრუნებამ კი კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა. საქართველოს მეგობრები ვაშინტონსა და ევროპაში დაღლილები არიან და ამ ყველაფერს უკვე დიდ ყურადღებას აღარ უთმობენ.

- როგორ ფიქრობთ, დაუშვა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა შეცდომა, როდესაც ქვეყანაში დაბრუნდა და რამდენად ადეკვატური იყო საქართველოს მთავრობის რეაქცია?

- მსოფლიოში ყველა პოლიტიკური ლიდერი პასუხისმგებელია საკუთარ ქმედებებზე. ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა იცოდა, რომ ეს იყო ძალიან სარისკო გადაწყვეტილება. მან იცოდა, რომ შეიძლებოდა დაეკავებინათ, თუმცა მან მაინც ჩათვალა, რომ საქართველოში დაბრუნება სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. ვფიქრობ, ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი. არ აქვს მნიშვნელობა, რა სამართლებრივი პროცესებია მის წინააღმდეგ აღძრული.

როდესაც ოპოზიციის ლიდერი და ამავდროულად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია, ეს თავისთავად წარმოქმნის პრობლემას და მსოფლიოს თვალში ჩანს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება. ეს ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის მთავრობას და ქვეყანას კრიზისში ამყოფებს.

- როგორ ფიქრობთ, ჰქონდა თუ არა მნიშვნელოვანი გავლენა მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას არჩევნების შედეგებზე, ის საქართველოში არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გამოჩნდა და საზოგადოების განხილვის მთავარი ობიექტი გახდა...

- პოლიტიკოსებს და ექსპერტებს, რომლებსაც მე ვესაუბრე, სჯერათ, რომ სააკაშვილის დაბრუნებამ არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონია. ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ სააკაშვილის პარტიის რეიტინგი გაიზარდა, თუმცა ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ამან პირიქით გაზარდა „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა, თუმცა როგორც აშშ-ის არჩევნების პრაქტიკამ აჩვენა, წინასწარი გამოკითხვები და არჩევნების შედეგები ხშირად განსხვავდება. სამეცნიერო და ემპირიული პერსპექტივიდან ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, როგორი იქნებოდა შედეგები სააკაშვილი რომ არ ჩამოსულიყო.

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესის დროს სერიოზული დარღვევები მოხდა. შეერთებულ შტატებისა და ევროკავშირის ოფიციალური განცხადების მიხედვით, არჩევნებზე დარღვევები დაფიქსირდა, თუმცა მეტ-ნაკლებად პროცესმა ნორმალურად ჩაიარა.

- როგორ ფიქრობთ, რა გამოსავალი შეიძლება გამოინახოს ამ სიტუაციაში? მოგეხსენებათ, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკვების მიღებაზე უარი განაცხადა და მისი ჯანმრთელობა დღითი-დღე უარესდება, ამავდროულად, მას 6-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ასევე, საზოგადოება ორად არის გახლეჩილი - ერთ ნაწილს მისი გათავისუფლება და პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმა სურს, მეორე მხარეს კი ის დამნაშავედ მიაჩნია. რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

- პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მიხეილ საკააშვილზე, როგორც ადამიანზე ძალიან ვდარდობ და მაწუხებს მისი ჯანმრთელობის ამბავი. როდესაც მე საქართველოში ვიყავი და ესაა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაც, ჩვენ ყოველთვის მივიჩნევთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. ეს მოიცავს დამოუკიდებელ სასამართლოსაც. როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები ძლიერია, ამას სტაბილურობა მოაქვს.

თუ ამომრჩევლები ფიქრობენ, რომ მათ არავინ უსმენთ, ისინი ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში აღარ იღებენ მონაწილეობას. საქართველოში დამოუკიდებელი სამამართლოს მიმართ ბევრი კითხვაა ამერიკის მთავრობისგან, ვენეციის კომისიისგან და დამკვირვებლების მხრიდან. თუ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სამართლიანად ჩაივლის, დამატებითი კითხვები არცერთ მხარეს არ ექნება.

- როგორ ფიქრობთ შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია ქმნის თუ არა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის საფრთხეს? ვგულისხმობ იგივე „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმების გაუქმებას, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას და ა.შ.

- რა თქმა უნდა, ეს აშკარაა. ამაზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. მათი მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმების უგულებელყოფა დემოკრატიის საწინააღმდეგო მოქმედებაა, თუმცა უკუსვლაა სხვა მიმართულებებისთაც. მაგალითაც ის, რომ ოპოზიციის ნაწილმა უარი თქვა შეთანხმებაზე ხელი მოეწერა და შეიქმნა სიტუაცია, სადაც არც მთავრობა და არც ოპოზიცია არ ფიქრობს ნაბიჯის გადადგმას. რა თქმა უნდა, ასეთ დროს დემოკრატია საფრთხის წინაშეა. ვეთანხმები ეუთოსა და აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომ არჩევნების დროს ორივე მხარემ გაუშვა შესაძლებლობა და არ გაითვალისწინეს ქართველი ამომრჩევლის სურვილები.

პოლიტიკური მდგომარეობა ძალიან პოლარიზებულია. არჩევნებამდე ხშირი იყო მედიის წარმომადგენლებისა და პოლტიკური პირების დაპირისპირების შემთხვევები. არ ვგულისხმობ თქვენს მედიას, ჩვენ ძალიან კარგი დისკუსია გვაქვს.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად დაზიანდა საქართველოს იმიჯი დასავლეთის თვალში?

- ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწვრიანებას. ქართველების 80% მხარს უჭერს ნატო-ში ინტეგრაციას და ამ აზრს იზიარებს ნატო-ს წევრების უმეტესობაც. რატომ უყვართ საქართველო ასე ვაშინგტონსა და ბრიუსელში? საქართველო იყო ქვეყანა, რომელიც სხვებს არ ჰგავდა. თქვენ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მოახერხეთ კორუფიისა და არეულობისგან თავის დაღწევა და ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა მიდიოდა. ჩვენ ამაში ძალიან ბევრი ენერგია და ფინანსური დახმარება ჩავდეთ. ბოლო დროს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტება შეინიშნება. ვფიქრობ, ევროპა და ამერიკა დაღლილები არიან. ისინი არ ჩაერევიან ქვეყნის შიდა დაპირისპირებებში, რომლებიც ძალიან შემაწუხებელია.

ქართველმა პოლიტიკოსებმა- ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც მუდმივი დაპირისპირების ნაცვლად ერთობლივად უნდა იმოქმედონ.

- გმადლობთ, რაიმეს დამატებას ხომ არ ისურვებდით?

- გმადლობთ, ძალიან კარგი კითხვები იყო. მე საუკეთესოს ვუსურვებ საქართველოს. დასავლეთში საქართველო უყვართ. ეს არ ეხება რომელიმე კონკრეტულ ლიდერს. ჩვენ მხარს ვუჭერდით მიხეილ სააკაშვილის მთავრობას, არა კონკრეტულ ლიდერს, არამედ გუნდს, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების აშენებას ცდილობდა. ჩვენი მთავარი ინტერესია საქართველო იყოს წარმატებული და ქართველმა ხალხმა იცხოვრობს პოლიტიკურად და ეკონომიკურად თავსუფალ გარემოში. საქართველოს ბუნებრივი ადგილსამყოფელი (სახლი) ევროპაა, რადგან საქართველო ევროპული ქვეყანაა.

ბექა ბერიაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა