ჩვენ არავის, მათ შორის კონკრეტულ ევროპარლამენტარებს, რომლებიც სინამდვილეში არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები, აღარ მივცემთ საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზების საშუალებას, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარის რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას, რომელიც სააკაშვილზე ღარიბაშვილის განცხადებას შეეხებოდა.
კობახიძის თქმით, ერთი და იგივე ლობისტების მხრიდან, მთელი ამ 9 წლის განმავლობაში, მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობა იყო.
„სამწუხაროდ, ცალკეულ შემთხვევებში ეს მცდელობა იყო წარმატებული. ჩვენ ქვეყანაში ეს ხელს უწყობდა პოლარიზაციას. გახსოვთ უგულავას, რურუას, მელიას და ოქრუაშვილის შემთხვევა, ეს იყო მართლმსაჯულების პოლიტიზების უხეში მცდელობები. ასეთი მცდელობები ვეღარავითარ შემთხვევებში ვერ იქნება წარმატებული საქართველოში. ჩვენ არავის, მათ შორის კონკრეტულ ევროპარლამენტარებს, რომლებიც სინამდვილეში არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები, აღარ მივცემთ საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზების საშუალებას. ამას ერთხელ და სამუდამოდ დაესვა წერტილი, სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი ციხეში იჯდება, რაც არ უნდა თქვან მათმა ლობისტებმა“ , - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს „ტვიტერში“ გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თუ სააკაშვილი წესიერად არ მოიქცევა, სხვა მუხლებსაც დაუმატებენ.
რასა იუკნევიჩინემ აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან პირდაპირი აღიარება, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. სამწუხაროა და შეუთავსებელია ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან“.