რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ოპოზიციონერი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე მივიდა.
გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და თუ ხელისუფლება მისი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს მიიღებს, ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება.
„მაინტერესებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაქვს ჩემი სათქმელი პრეზიდენტთან, რასაც ახლა ვერ ვიტყვი, რაზეც უნდა ვისაუბროთ. როგორც ჩანს, მასაც აქვს თავისი სათქმელი ამიტომ, როდესაც მოვინახულებ, შემდეგ გეტყვით.
ეს არის პოლიტიკური დევნა, ხელისუფლება რაც არ უნდა გავაფრთხილოთ, ჭკუაზე არ არიან, ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ამას, თუ მიხეილ სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ აკეთებენ”, - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდოს, სანიკიძის განცხადებით, რაიმეს რჩევის უფლება არ აქვს, რადგან ეს მისი პოლიტიკური აქტია.
„მე არ მაქვს უფლება მიხეილ სააკაშვილს რამე ვურჩიო, ეს მისი მორალური და პოლიტიკური აქტია”, - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.