„ჯეოქეისის" ორგანიზებით ონლაინ განხილვა „საქართველო და ჩრდილოეთ აფრიკა: არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში“ გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის" ორგანიზებით ონლაინ დისკუსია „საქართველო და ჩრდილოეთ აფრიკა: არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში“ გაიმართა.

„ჯეოქეისის" ინფორმაციით, ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმოხილვა.

ონლაინ განხილვის სპეციალური სტუმარი და მომხსენებელი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავა იყო, ხოლო მოდერატორი - „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი.

„დისკუსიის მონაწილეებმა ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებთან არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად ქართული დიპლომატიის ამოცანები მრავალმხრივ გააანალიზეს და სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე, მათ თურქეთის რესპუბლიკის როლსა და მისი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობისადმი ურყევი მხარდაჭერის პოლიტიკაზე გაამახვილეს ყურადღება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიქტორ ყიფიანმა დისკუსიის დასაწყისში ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებზე რუსეთის ფედერაციის მზარდ გავლენაზე ისაუბრა.

„ბოლო წლებში აფრიკის კონტინენტზე გააქტიურებულია ყველა გლობალური მოთამაშე, თუმცა საქართველოსთვის არაღიარების პოლიტიკის ჭრილში, ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციაა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მსგავსად არ გამოირჩევა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების სიმტკიცით, მონდომებას არ აკლებს, რომ პოლიტიკური კავშირები ეკონომიკურ ჭრილში გადაიტანოს“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში, გიორგი ჯანჯღავამ ფართოდ მიმოიხილა ქართული დიპლომატიისთვის არაღიარების პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების მნიშვნელობა. ელჩმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის გამოწვევებსა და დიპლომატების ძალისხმევაზე არაღიარების პოლიტიკასთან მიმართებაში.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყანა, მის ხელთ არსებული რესურსებით უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, ვფიქრობ, ქართველი დიპლომატების მოქმედებები თანმიმდევრული და მყისიერია. მაგალითად, სირიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემდგომ დიპლომატებმა აქტიური თანამშრომლობა დავიწყეთ სირიის ოპოზიციურ სპექტრთან, რომლებმაც განცხადებების სახით დაგმეს სირიის მთავრობის გადაწყვეტილება, რაც ვფიქრობ წინგადადგმული ნაბიჯია და სამომავლოდ წაადგება ჩვენს ქვეყანას. გამოვყოფდი „საპატიო კონსულის“ ინსტიტუტის პოზიტიურ როლსა და მნიშვნელობას ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში და არაღიარების პოლიტიკის გაძლიერების თვალსაზრისით“, - განაცხადა ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ.

დისკუსიის შეჯამებისას, ვიქტორ ყიფიანმა ხაზი გაუსვა დღევანდელ რეალობაში ქართველი დიპლომატების ძალისხმევასა და ხელშესახები შედეგების მიღწევის სირთულეებს.

„საქართველოსა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში მოქმედ ანალიტიკურ ორგანიზაციებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნების განხორციელებას“, - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

იხილეთ დისკუსია სრულად http://bitly.ws/hBzi

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს