თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რუსეთში აღმოჩენილი კორონავირუსის შტამი ახალი არაა და ის, სავარაუდოდ, „ინდური შტამის“ ქვესახეობაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რუსეთში აღმოჩენილი კორონავირუსის შტამი ახალი არაა და ის, სავარაუდოდ, „ინდური შტამის“ ქვესახეობაა. ამასთან, როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვაქცინები აღნიშნულ შტამზეც იმოქმედებს.

„შტამი, რომელიც რუსეთში აღმოჩნდა, პრინციპულად ახალი შტამი არ არის, ქვეშტამია, ქვესახეობა. რამდენად მეტად აგრესიულია, ჯერ დადგენილი არ არის. რუსეთში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ჩვენზე გაცილებით ცუდი, არა რაოდენობის, არამედ სიკვდილობის მხრივ. სიკვდილობა ჩვენზე ბევრად მეტია. პუტინი დიქტატორია თუ დემოკრატი, არც იმას უნდა რომ თავისი ხალხი გააღიზიანოს და „ლოკდაუნი“ გამოაცხადოს, მაგრამ იძულებული გახდა, გამოეცხადებინა.

ვაქცინა ჯერჯერობით ყველა შტამზე ცალსახად მოქმედებს. შეიძლება ვერ დაიცვას დაინფიცირებისგან, მაგრამ მძიმე შემთხვევებისა და სიკვდილისგან იცავს. ვაქცინა სიკვდილს ამცირებს 80-90%-ით.

მოსაზრება გამოითქვა, რომ საუბარია "ინდური შტამის" ქვეშტამზე. მუტაციის მცირე განსხვავებაა. არც ერთ შტამს განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება, მომზადება იგივეა - მობილობის შემცირება, პირბადის ტარება და ვაქცინაცია. ჯერჯერობით, ყველა არსებული შტამი ვაქცინის მიმართ მგრძნობიარეა, ვაქცინა ყველაზე მუშაობს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ ეპიდვითარების მართვას, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ არსებულ სიტუაციაშიც ჯანდაცვის სისტემამ „დაუჯერებელი მდგრადობა“ აჩვენა. მისივე თქმით, რეგულაციების აღსრულებაზე ხელისუფლების კონტროლი საკმარისად მკაცრი არ არის და მთავრობამ მონიტორინგი უნდა გაამკაცროს.

„ჩვენ შემოვიტანეთ ორი ახალი მედიკამენტი, უახლოეს ერთ კვირაში კიდევ ორი ახალი მედიკამენტი შემოგვაქვს, მათ შორის ზოგიერთი ისეთი, რომ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში გამოიყენება. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ უკეთ ვმართოთ კოვიდი. კოვიდით ავადმყოფების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ადრე ხვდებოდა რეანიმაციაში, აღარ მოხვდეს, მათ არ დასჭირდეთ ინტუბაცია და შესაბამისად შემცირდეს სიკვდილობა. კლინიკური სექტორი აქამდეც ყველაფერს აკეთებდა და დღეს მუშაობს განსაკუთრებული ეფექტურობით. ჯანდაცვის სისტემამ ამ სიტუაციაში დაუჯერებელი მდგრადობა აჩვენა, როდესაც თითქოს ყველაფერი მოწყობილია ქვეყანაში ისე, რომ განგებ ვცდით ჩვენს ბედისწერას, ჯანდაცვის სექტორის მდგრადობას. ამაზე მეტს მტერი ვერ გაგვიკეთებდა. ხელისუფლების კონტროლი, რეგულაციების აღსრულებაზე საკმარისად მკაცრი არ არის. დიახ, უახლოეს დღეებში მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ რეგულაციების აღსრულებაზე მონიტორინგი გამკაცრდეს“,- განაცხადა ცერცვაძემ.

ასევე თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რატომ გაიარა საქართველომ პანდემიის პირველი თვეები დღევანდელზე ბევრად მარტივად, მიუხედავად იმისა, რომ მზადყოფნა არ არსებობდა. როგორც ცერცვაძე ამბობს, „საქართველომ სხვებზე ადრე და სხვებზე ჭკვიანურად განახორციელა წინმსწრები ღონისძიებები“.

„როდესაც ერთეული, ათეული და ასეული შემთხვევები იყო, საქართველო ახერხებდა ყველა ინფიცირებული კონტაქტი გამოერკვია და იზოლაციაში გაეშვა. ამიტომ არ ვრცელდებოდა ასე აგრესიულად. 8 თვე ვიკავებდით ამ მდგომარეობას, მაგრამ შეუძლებელია ამის შეკავება. ზოგიერთი, ჩვენი არაკეთილისმოსურნე ამბობს, რომ საქართველოს პირველი 8 თვის განმავლობაში გაუმართლა. რას ჰქვია გაუმართლა? მთელ მსოფლიოს არ გაუმართლა და მხოლოდ საქართველოს გაუმართლა? კი არ გაუმართლა, მაშინ მენეჯმენტი ხდებოდა იდეალურად, წინმსწრები ღონისძიებებით, რაც ვერავინ გააკეთა. ახლა როდესაც შემთხვევის რაოდენობამ ათასს და 2 ათას გადააცილა, იმ ღონისძიებების გატარება შეუძლებელია“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა