კობა ნაყოფია - ღარიბაშვილმა ალბათ ჩათვალა, რომ წარმოშობით სენაკელი ვარ, ჩემი სახლი აფხაზეთშია - მესმის, რომ მათ ნაკლებად ადარდებთ, აფხაზეთი და ზოგადად, ჩვენი ტერიტორიების პრობლემა

ღარიბაშვილმა ალბათ ჩათვალა, რომ წარმოშობით სენაკელი ვარ. ჩემი სახლი აფხაზეთშია - მესმის, რომ მათ ნაკლებად ადარდებთ, აფხაზეთი და ზოგადად, ჩვენი ტერიტორიების პრობლემა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა და სენაკში მერობის კანდიდატმა, კობა ნაყოფიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომ კობა ნაყოფიას სენაკში სახლიც კი არ აქვს და მერობაზე აცხადებს პრეტენზიას.

ნაყოფიამ ასევე შეაფასა პრემიერის ის განცხადება, რომ მუნიციპალიტეტში ოპოზიციონერ კანდიდატს გამარჯვების შემთხვევაშიც ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს. როგორც ის ამბობს, „ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ცენტრალურ ხელისუფლება მათია, საქართველოს კონსტიტუცია კი ამბობს, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი“.

„ღარიბაშვილმა ალბათ ჩათვალა, რომ წარმოშობით სენაკელი ვარ. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, აფხაზეთში დავიბადე და გავიზარდე გალში. მან ეს არ იცის. აფხაზეთშია ჩემი სახლი. მან ხაზგასმით თქვა, რა უნდა გავუკეთო სენაკელებს, როდესაც მე სენაკში სახლიც კი არ მაქვს. დიახ, ჩემი სახლი არის აფხაზეთში. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ აფხაზეთში ჩემი სახლი დავიბრუნო, დროებით ვერ ვსარგებლობთ ჩვენ ამ სახლით. მესმის, რომ მათ ნაკლებად ადარდებთ, აფხაზეთი და ზოგადად, ჩვენი ტერიტორიების პრობლემა“,- განაცხადა ნაყოფიამ.

მისი თქმით, 2016 წელს კენჭს იყრიდა სენაკში, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

"მაშინ შევძელი და ჩემი კონკურენტი მეორე ტურში გადავიყვანე. მაგრამ თქვენ კარგად გახსოვთ, რომ მეორე ტურს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტი გამოუცხადა. მაგრამ 2016 წლიდან დღემდე სენაკლებთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა. ბევრ ადამიანთან მქონდა კომუნიკაცია და ძალიან ბევრს ვმუშაობდი იმისთვის, რომ სენაკელებისთვის წარმომედგინა ის პროექტები, რაც 29 სექტემბერს სენაკელებს წარვუდგინე. ეს არ არის გუშინ და გუშინწინ დაწყებული. ასე სწრაფად ასეთი პროექტების ჩაფიქრება და წარდგენა ძალიან რთულია. მე დიდი ხანია ამაზე ვმუშაობ. გარდა ამისა, უამრავ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია და მართლა დიდი პროექტებით წარვდექი სენაკელების წინაშე, რომლის განხორციელებასაც მათთან ერთად ვაპირებ“,- განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ცნობისთვის, როგორც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ჰიპოთეტურად, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს. შესაბამისი განცხადება ღარიბაშვილმა სენაკში გააკეთა და ამავე მუნიციპალიტეტში ოპოზიციის მერობის კანდიდატი კობა ნაყოფიაც გააკრიტიკა. მისი თქმით, კობა ნაყოფიას სახლიც კი არ აქვს სენაკში და მერობაზე აცხადებს პრეტენზიას.

არმაზ ახვლედიანი - რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, ამას „ნაცმოძრაობის“  ხელმძღვანელები ვერ ხვდებიან? თუ ვერ ხვდებიან, მაშინ რა უნდათ პოლიტიკაში?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.02.2023
რამაზ საყვარელიძე - საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობის მოტივს ვერ ვხედავ, სამაგიეროდ ვხედავ რუსეთის მოტივს, დაარწმუნოს ყველა, რომ საქართველო მისი ისეთი კარგი მეგობარია, რომ მოსკოვი ფრენებსაც კი აღადგენს
ნათია სონღულაშვილი - ყველა ის გარანტია, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური არასათანადო მოპყრობის მსხვერპლს სთავაზობს, გაზრდის მსხვერპლის ნდობას სამსახურისა და თითოეული გამომძიებლის მიმართ
მსოფლიო ჩემპიონატის წინ სილქნეტი სათხილამურო ფედერაციასთან ერთად მედიას შეხვდა
კრედო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად ხელშეკრულება გაფორმდა
„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს
რეკრუტინგის პირველი ქართული აპლიკაციის - Awork Business App-ის პრეზენტაცია 2 თებერვალს, King David-ში გაიმართა
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა