მამუკა ხაზარაძე - ირაკლი ღარიბაშვილს წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს თვითმმართველობა, წაკითხული არ აქვს კონსტიტუცია და კანონები

ღარიბაშვილს წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს თვითმმართველობა, წაკითხული არ აქვს კონსტიტუცია და კანონები, - ასე პასუხობს „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, მას „მინიმუმის გაკეთების საშუალება ექნება, რაც ბიუჯეტითაა განსაზღვრული“.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ღარიბაშვილის ეს განცხადება არის „უბრალო შანტაჟი, პროვოკაცია და დაშინება“.

„თვითმმართველობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ არჩეული ვინც არ უნდა იყოს, ოპოზიცია იქნება ის თუ ხელისუფლების წარმომადგენელი, უნდა აგრძელებდეს ხალხის სამსახურს. ეს არის უბრალო შანტაჟი, პროვოკაცია და დაშინება, თითქოს, თუ მაგალითად, ქუთაისი, თბილისი და სხვა რეგიონები აირჩევენ ოპოზიციურ კანდიდატებს, მაშინ გაჩერდება ქვეყანა და ღარიბაშვილს ექნება საშუალება დაფინანსება შეუწყვიტოს თბილისს. ეს არის აბსურდი, ეს არის უცოდინარობა, რასაც ის ამჟღავნებს თავის გამოსვლებში. მინდა მას მოვუწოდო, რომ ხშირად ისაუბროს, ჩვენ დაკვირვებით ვუსმენთ მას და მგონია, რომ საზოგადოებაც კარგად დაინახავს ვის ხელშია დღეს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის ეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილს იმაში, რომ ქართველი ხალხი ბრძენია. ხაზარაძე ამბობს, რომ სწორედ ხალხი გაისტუმრებს „ქართულ ოცნებას“.

„ვეთანხმები ღარიბაშვილს, რომ ხალხი არის ბრძენი და ხალხი გაისტუმრებს „ქართულ ოცნებას“, რომელმაც უიმედობის და უპერსპექტივობის მეტი ამ ქვეყანას არაფერი მოუტანა. ნებისმიერი მათი განცხადება და მანევრირება სხვადასხვა რეგიონში, ამ შემთხვევაში სამეგრელო მაქვს მხედველობაში, ემსახურება დესტაბილიზაციის თვითონვე შექმნის მცდელობას და მერე ვითომ თვითონვე აღმოჩენის და ამის განეიტრალების მცდელობას. ძალიან მშვიდად ვაკვირდებით ამ პროცესებს და არანაირად არ ავყვებით ამ პროვოკაციებს. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, სიმშვიდე და კოალიციური გაერთიანება იქნება ამ სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტია. მთელი ჩემი ცხოვრება მე და ჩემი გუნდი საქართველოში სტაბილურობას ვემსახურებით. სტაბილურობის გარეშე ამ ქვეყანაში არც ინვესტიცია იქმნება, არც სამუშაო ადგილები. კიდევ ვიმეორებ, სამეგრელო იქნება თუ სხვა წერტილები, ამას პირველად არ აკეთებს წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“, რომ დესტაბილიზაციის კერა შექმნას და მერე გადააბრალოს სხვას.

ყველას მოვუწოდებ, რომ ამას მშვიდად შევხვდეთ. ქართველი ხალხი ბრძენია და ამ არჩევნებზე ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს. კოალიციური მმართველობა ეყოლება უმეტეს ქალაქს და ქვეყანაში სერიოზული ცვლილებები, აღმავლობა დაიწყება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო