ნიკა მელია - სააკაშვილი შიმშილობს, უკანონო პატიმრობაში იმყოფება და სატელეფონო ზარების განხორციელების უფლებას არ აძლევენ - მურუსიძე-ღარიბაშვილის მოსაკლავი პრეზიდენტი ამ ქვეყანას არ ჰყავს, ვერ ეღირსებიან

სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ბიძინა ივანიშვილს , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ექიმების თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში ის საჭიროებს მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას, მაგრამ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის სახელით "გვეუბნება, რომ არა, იქ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი".

"რამდენი დღეა სააკაშვილი შიმშილობს, იმყოფება უკანონო პატიმრობაში და სატელეფონო ზარების განხორციელების უფლებას არ აძლევენ. ვალდებულება აქვს ციხის ადმინისტრაციას, რომ პატიმარს დაარეკინოს, ვიყავი იქ და ვიცი, რომ ეს ვალდებულება აქვთ მათ, მაგრამ არ აკეთებენ. სააკაშვილი რამდენი დღეა შიმშილობს და ითხოვს, რომ სასამართლო პროცესი ჩაუნიშნონ, რომ საზოგადოება დარწმუნდეს ყველა ის ბრალდება არის აბსურდული და ამას არ აკეთებენ. რამდენი დღეა ექიმები, კონსილიუმი საუბრობს, იმსჯელეს და თქვეს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში ის აუცილებლად საჭიროებს მრავალპროფილურ საავადმყოფოს. ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის სახელით რას გვეუბნება? არა, იქ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი. რა არის ეს თუ არა მცდელობა ამ ადამიანის ფიზიკური განადგურებისა, მაგრამ სააკაშვილი იაზრებს, რასაც აკეთებს და მისი თხოვნაა რომ 30 ოქტომბერს ყველა არჩევნებზე მივიდეთ. არჩევნებზე ისტორიული ბორბალი ქვეყნის განვითარების წაღმა დავატრიალოთ, ახლა უკუღმა ტრიალებს. ვინმეს მოსწონს თუ არ მოწონს სააკაშვილი ისინიც კი აღიარებენ თავიანთ გულებში, რომ სააკაშვილი ამ ყველაფერს აკეთებს ქვეყნის სიყვარულით", - განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლება ენით აღუწერელ ქმედებას ჩადის მაშინ, როდესაც სააკაშვილი მრავალპროფილურ საავადმყოფოში არ გადაჰყავს.

,,ენით აღუწერელია, რასაც ხელისუფლება კადრულობს, ნაცვლად იმისა, რომ გადაჰყავდეთ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც თავიდან ბოლომდე იქნება უზრუნველყოფილი მისი ჯანმრთელობა, აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ. ამ ხელისუფლების პირობებში არაფერი არ არის გამორიცხული, ამიტომ 6 დღეში ყველამ ერთად უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი. მიხეილ სააკაშვილს ქვეყნისთვის უამრავი რამ გაუკეთებია, სახელმწიფოებრივი საფუძვლები შეიქმნა, შეუმდგარი სახელმწიფო იყო და ახლა, მურუსიძე - ღარიბაშვილის მოსაკლავი პრეზიდენტი ამ ქვეყანას არ ჰყავს, ვერ ეღირსებიან ამას. ჩემი ყოველდღიური ბრძოლა ეძღვნება ამ ქვეყნის განვითარებას, ჩვენი შვილების ნათელ მომავალს და ჭაობიდან ამოსვლას. მათ შორის, უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას, რომ წერტილი დაესვას და პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს. დღეს თუ მიხეილ სააკაშვილია პატიმრობაში, ხვალ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს. ამიტომ ყველანი სოლიდარულები უნდა ვიყოთ და ვხედავ, რომ ეს სოლიდარობა ყოველდღიურად იზრდება“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს