დავით ბაქრაძე - დიდი ხანია მიხეილ სააკაშვილი ასეთ ოპტიმისტურ განწყობაზე არ მინახავს, თუმცა 3 - კვირიანი შიმშილობის შედეგი ფიზიკურ მდგომარეობას ეტყობა - გადაუდებელი ამოცანაა მისი სრულფასოვანი ჰოსპიტალიზაცია

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დავით ბაქრაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან მხნედ გრძნობს თავს და ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა 3 - კვირიანი შიმშილობის შედეგი მის ფიზიკურ მდგომარეობაზე აისახა.

ამასთან, როგორც ბაქრაძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა სააკაშვილის სრულფასოვანი ჰოსპიტალიზაციის უზრუნველყოფაა.

“მისი განწყობა არის ძალიან მხნედ და ოპტიმისტური. სიმართლე გითხრათ ძალიან დიდი ხანია მიხეილ სააკაშვილი ასეთ ოპტიმისტურ განწყობაზე არ მინახავს და არ მახსოვს. ის ელოდება არჩევნების მეორე ტურს, ძალიან დიდი იმედი აქვს ქართველი ხალხის ერთიანობის, დიდი იმედი აქვს მეორე ტურში ოპოზიციის გამარჯვების და ამ თვალსაზრისით მისი განწყობა არის ძალიან ოპტიმისტური. თუმცა ამავე დროს 3 - კვირიანი შიმშილობის შედეგი არის საგრძნობი, ეს ეტყობა მის ფიზიკურ მდგომარეობას და როგორც ექიმები საუბრობენ, რაც კიდევ უფრო უარესია ნებისმიერ მომენტში ვითარება და მისი ჯანმრთელობა შეიძლება უცებ დამძიმდეს კრიზისულად. მისი განწყობა არის ძალიან მყარი, რომ ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, არ აპირებს მაშინაც კი თუ მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკული და მზად არის ყველაფრისთვის და ყველანაირი გაგრძელებისთვის, ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე სასწრაფო და გადაუდებელი ამოცანა გახლავთ მისი სრულფასოვანი ჰოსპიტალიზაცია და ექიმების სრული დაკვირვების ქვეშ ყოფნა, ეს რა თქმა უნდა გულისხმობს მრავალფუნქციურ მრავალპროფილურ საავადმყოფოში მის გადაყვანას, შესაბამისი, სრულფასოვანი ექიმების ზედამხედველობით. ეს არის ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა, დანარჩენი რა მდგომარეობაა ქვეყანაში, როგორ გრძელდება პოლიტიკური პროცესი და რა ხდება, ამას გამოაჩენს არჩევნების მეორე ტური, მაგრამ ამ ეტაპზე, უახლოეს დღეებში მთავარი და სასწრაფო მისი ჰოსპიტალში გადაყვანაა, რადგან ვიმეორებ, ჩვენ ერთხელ უკვე გავიარეთ ძალიან დიდი პრობლემა 90 წლებში ქვეყანაში, ყველას გვახსოვს პრეზიდენტ გამსახურდიას ტრაგედია, ყველას გვაქვს როგორი გახლეჩვა მოყვა ამას შემდეგ საზოგადოებაში და რა უბედურება გაიარა ქართულმა სახელმწიფომ 90-იან წლებში.

ღმერთმა დაგვიფაროს დღეს საქართველოს პრეზიდენტის შიმშილობა ციხეში , ცუდად დასრულდეს, ეს ნიშნავს ანალოგიურ გახლეჩას, ნიშნავს საქართველოსთვის ნატოს და ევროკავშირის გზის დაკეტვას და ეს ნიშნავს მომავალი წლების მანძილზე დაღს, რომლითაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იაროს. ამიტომ განურჩევლად იმისა ვის მოსწონს და ვის არ მოსწონს, ვის უყვარს და ვის არ უყვარს, მინდა ყველას მოვუწოდო და პირველ რიგში მთავრობას პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მომავალზე, სტაბილურობაზე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე, გულისხმობს იმას, რომ ახლავე უახლოეს საათებში და დღეებში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს უზრუნველყოფილი, რათა თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ფატალური გაგრძელება და გართულება”, - განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძემ კითხვაზე, სააკაშვილთან მის პარტიაში დაბრუნებას შეეხო თუ არა საუბარი, უპასუხა, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” მისი დაბრუნების შესაძლებლობა არ განხილულა და იქ პარტიულ ტაქტიკაზე სასაუბროდ არ შესულა.

“არ გვისაუბრია, შესვლისთანავე ვთქვი, რომ არ ვაპირებდი პარტიულ ტაქტიკაზე საუბარს, არც მისი მხრიდან იყო მსგავსი განზრახვა. ვფიქრობ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ყველა მოვემზადოთ მეორე ტურებისთვის და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე, რასაც დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ადეკვატური ზრუნვა სჭირდება”, - განაცხადა ბაქრაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა