ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია, ეს არის ადამიანის ინდივიდუალური საკითხი და ამის გასაჯაროვება არ შეიძლება, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც მეორე დოზით მისი ვაქცინაციის სავარაუდო თარიღს შეეხებოდა.
როგორც მან აღნიშნა, ამის შესახებ ჟურნალისტებს „შეატყობინებს“.
„საერთოდ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია, არის ადამიანის ინდივიდუალური საკითხი და ამის გასაჯაროვება არ შეიძლება. პირველ დოზაზე იმდენად ცხოველური ინტერესი გაგაჩნდათ, რომ ეს გავაკეთე, თუმცა ეს არღვევს აბსოლუტურად ადამიანის უფლებებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ 23 მარტს აიცრა. მინისტრმა „ასტაზენეკას“ ვაქცინა საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა. მოგვიანებით კი, 1-ელ ივნისს, ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.