მინდა მივმართო თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, ვისთვისაც მიუღებელია ძალადობა და ყველა უსამართლობა, რომელიც სააკაშვილის დროს იყო დამკვიდრებული ქვეყანაში, შევიკრიბოთ 27 ოქტომბერს! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 27 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ შეკრებაზე საუბრისას განაცხადა.
ღარიბაშვილის განმარტებით, ეს არ იქნება ვინმეს წინააღმდეგ მიმართული კონტრაქცია და მმართველი გუნდის მიზანია, რომ არჩევნების მეორე ტურამდე მაქსიმალური მობილიზაცია გამოაცხადონ.
,,ჩვენი სურვილი და ამოცანაა, რომ მაქსიმალური მობილიზაცია გამოვაცხადოთ, ყველა ჩვენი ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე. ახლა არ არის მოდუნების დრო, ყველას გვჯერა, რომ მეორე ტურს ყველგან მოვიგებთ, მაგრამ გვინდა, რომ ეს იყოს ძლიერი მოგება, ყველა მუნიციპალიტეტში დიდი განსხვავებით მოვიგოთ არჩევნები. სწორედ ამ მიზნით უნდა ჩავატაროთ მშვიდობიანი, დიდი აქცია, საპროტესტო კი არა, მშვიდობიანი აქცია. ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვეს, თითქოს ეს არის კონტრაქცია, არავითარი კონტრაქცია მეგობრებო, ეს არის ჩვეულებრივი მშვიდობიანი აქცია. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.