„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ასრულებს თავის გადაწყვეტილებას, რომ არავითარი ფორმით აღარ ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში.
როგორც კობახიძემ შიდა ქართლში ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მეორე ტურისთვის სრული მობილიზაცია ექნება.
„ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არავითარი ფორმით აღარ ჩაერთვებოდა პოლიტიკურ პროცესებში. პირველად გაკეთდა ასეთი განცხადება წელს, იანვარში, როდესაც მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ის მიყვება თავის გადაწყვეტილებას და ჩვენც ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.
რაც შეეხება მობილიზაციას, სრული მობილიზაცია გვექნება, რა თქმა უნდა, კანონის და კანონმდებლობის ფარგლებში. სრული მობილიზაციის საფუძველზე ჩვენ უნდა ვუზრუნვეყოთ ის, რომ ყველა ჩვენი მხარდამჭერი მივიდეს საარჩევო უბანზე, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და სწორედ ეს გახდება ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვების საფუძველი. სრული მობილიზაციისკენ მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მხარდამჭერს“, - განაცხადა კობახიძემ.