„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - დაწინაურების სისტემას გავლენიანი მოსამართლეების კლანი შიდა ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტად იყენებს

დაწინაურების სისტემას გავლენიანი მოსამართლეების კლანი შიდა ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტად იყენებს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევაშია ნათქვამი, რომლითაც საერთო სასამართლოების სისტემაში დაწინაურების არსებული საკანონმდებლო რეგულაციები და დამკვიდრებული პრაქტიკაა შეფასებული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევაში გაანალიზებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დაწინაურების შესახებ 2015-2020 წლებში მიღებული გადაწყვეტილებები.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევაშია აღნიშნული, დაწინაურების შესახებ გადაწყვეტილებების უმრავლესობა საერთო სასამართლოების სისტემაში არა დამსახურების პრინციპზე დაფუძნებით, არამედ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის პირადი, ვიწრო ინტერესების შესაბამისად მიიღება და ამის შესაძლებლობას მათ არსებული სამართლებრივი მოწესრიგება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი აძლევს.

„გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში მოსამართლეთა დაწინაურების თაობაზე მხოლოდ მაღალი სტანდარტების დაწესება ვერ უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობას. ამ პროცესში, მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის გავლენიანი მოსამართლეებისგან მომდინარე იმ საფრთხეების გათვალისწინება, რამაც შეიძლება ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობა შელახოს;

„მიტაცებული“ იუსტიციის საბჭოს არსებობა საფრთხეს უქმნის სასამართლოს გაჯანსაღებასა და მისი რეალური დამოუკიდებლობის მიღწევას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება, საბჭოს მოსამართლეთა დანიშვნა/დაწინაურებითა და საკადრო გადაწყვეტილებებით მანიპულაციის შესაძლებლობას აძლევს. ასეთ ვითარებაში, ჩნდება ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის საფრთხეები, რაც კორპორატივიზმის პრინციპზე დაფუძნებულ მმართველობას აძლიერებს;

მოსამართლეთა დაწინაურებისას ძირითად პრობლემას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილებების არაჯანსაღი მიზნებით გამოყენება წარმოადგენს. მოსამართლეთა ზემდგომ ინსტანციაში გადაყვანისას არ არის გათვალისწინებული კონკრეტული სასამართლოს საკადრო საჭიროებები. ზედაპირული და არაშინაარსობრივია გასაუბრების პროცესიც, რომელიც რამდენიმე წუთი გრძელდება და ძირითადად კანდიდატის მოტივაციის შესახებ ინფორმაციას ეხება. საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით მიღებული გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობის პირობებში, გაუგებარია ნამდვილად დამსახურების მიხედვით გამოიყენა თუ არა საბჭომ დადგენილი წესები და კრიტერიუმები კონკრეტული კანდიდატისთვის უპირატესობის მინიჭების დროს“, - ნათქვამია კვლევაში.

ამასთანავე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკადრო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არათანმიმდევრულია. მათივე ინფორმაციით, 2015 წლიდან დღემდე კონკურსის გარეშე 35 მოსამართლე დაწინაურდა, მოსამართლეები სხვადასხვა სასამართლოებიდან უმეტესად კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაჰყავთ.

„მხოლოდ 3 შემთხვევაა ისეთი, როდესაც მოსამართლე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაიყვანეს. კითხვებს ბადებს, მოსამართლეთა უმეტესობის თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაწინაურების ტენდენცია, მაშინ როცა რაიონულ სასამართლოებში, მოსამართლეთა რაოდენობა გაცილებით უფრო პრობლემურია. ამის მაგალითია, გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიიდან მოსამართლე ნინო შარაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დაწინაურება, რის შედეგადაც გორის რაიონული სასამართლო ნახევარი წლის განმავლობაში სამოქალაქო საქმეთა განმხილველი მოსამართლის გარეშე დარჩა;

მოსამართლეთა დაწინაურების არსებული წესი უმეტესად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან სასამართლოებს შორის მოსამართლეთა ე.წ. როტაციის მიზნით გამოიყენება. სწორედ, მსგავსი საკადრო მანიპულაციებით ინარჩუნებს ე.წ. კლანი გავლენებს სასამართლო სისტემაში.

მოსამართლეთა დაწინაურების არსებული პრაქტიკა საფრთხის ქვეშ აყენებს ზემდგომ ინსტანციებში უფრო მეტად კვალიფიციური მოსამართლეების მოხვედრის შესაძლებლობას. სასამართლო სისტემაში არსებული რეალობის გათვალისწინებითა და მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების პირობებში, ობიექტური დამკვირვებლისთვის გაუგებარი რჩება მოსამართლეები დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეირჩნენ თუ არა. ამასთან, გაუმჭვირვალე პროცედურის პირობებში შესაძლებელი ხდება, რომ კანდიდატი, რომელიც კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით სხვებს გადაწონის, ვერ დაწინაურდეს;

მოსამართლეთა ზემდგომ ინსტანციაში დაწინაურების პრაქტიკა სასამართლო სისტემაში ქრონიზმისა და ფავორიტიზმის რისკებს ზრდის. პროცესის ფორსირებულად და დაუსაბუთებლად წარმართვა, ეჭვებს ბადებს, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზნებთან და მოტივებთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო მეტად აღრმავებს ამ პროცესისადმი საზოგადოების უნდობლობას. გარდა ამისა, როგორც წესი, დაწინაურება მხოლოდ გავლენიანი ჯგუფისადმი ლოიალურად განწყობილ მოსამართლეებს ეხებათ;

დაწინაურების არსებული პრაქტიკის გამოყენებით, სასამართლოს გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფი, ყველაზე დიდ და გავლენიან სასამართლოებს, მისდამი ლოიალური და ერთგული კადრებით აკომპლექტებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოში კონკურსის გარეშე მოსამართლეების დანიშვნის პროცესი განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონკურსის პარალელურად, 2019 წლის ივლისში გააქტიურდა. ამ პროცესის შედეგად, სააპელაციო სასამართლოში 22 მოსამართლე დაწინაურდა. მათგან, 12 მოსამართლე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობდა;

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაწინაურებულ მოსამართლეთა გავლენები სასამართლო სისტემაში, როგორც წესი, სწრაფი ტემპით იზრდება. თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაწინაურებული მოსამართლეების სწრაფი კარიერული წინსვლის არაერთი მაგალითი არსებობს.

დაწინაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი ამ პროცესზე კონტროლს მხოლოდ სასამართლო კორპუსს უტოვებს. კარგი საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, უმჯობესი იქნება პროცესში სხვა პროფესიული წევრებიც მონაწილეობდნენ. შესაბამისად, იუსტიციის საბჭოში გადაწყვეტილებები ბილატერალური მხარდაჭერის წესით, კერძოდ არამოსამართლე წევრების მონაწილეობით უნდა მიიღებოდეს;

დაწინაურების შესახებ გადაწყვეტილებების ფარული კენჭისყრით მიღება ვერ უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას. ფარული კენჭისყრის არსებობა გადაწყვეტილების სათანადო დასაბუთებასა და შემდეგ მის გასაჩივრებას გამორიცხავს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს