“ელენე ხოშტარია - დროა” - საჭიროა მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზება სამოქალაქო, მესამე კლასის კლინიკაში

26-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შესაძლოა ნებისმიერ დროს უკიდურესად დამძიმდეს, ამიტომ საჭიროა მისი დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზება სამოქალაქო, მესამე კლასის კლინიკაში”, - ამის შესახებ პარტია “ელენე ხოშტარია - დროა” განცხადებაშია აღნიშნული, რითაც მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას ეხმაურება.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხელისუფლებას აქვს პირდაპირი ვალდებულება, უზრუნველყოს სააკაშვილის ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას.

„2021 წლის 23 ოქტომბერს გამართულმა კონსილიუმმა დაასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მაღალი, მესამე კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გლდანის საპატიმროს საავადმყოფოს არ აქვს იმ ტიპის სამედიცინო აპარატურა და შესაძლებლობები, რაც შესაძლოა სააკაშვილის სამკურნალოდ გახდეს საჭირო.

“ქართულმა ოცნებამ” ნაცვლად პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა, ბინძური, ცილისმწამებლური და ცინიკური განცხადებები გააკეთა სახალხო დამცველის მისამართით და გამორიცხა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესაძლებლობა.

ხელისუფლება იტყუება, როდესაც ამბობს, რომ პატიმრების სამკურნალოდ მხოლოდ ციხის საავადმყოფო განიხილება. 2020 წელს 585 პატიმარი გადაიყვანეს სამოქალაქო ჰოსპიტალში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახეზეა “ქართული ოცნების” პირადი ანგარიშსწორება და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არ არის მისი პრივილეგია, არამედ პირიქით - მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება პირადი შურისძიება.

თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, მიუხედავად პოლიტიკური სიმპატიებისა და განწყობებისა, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ პოლიტიკური ანგარიშწორება, უარი ვთქვათ ერთმანეთის განადგურებასა და ზიზღის პოლიტიკაზე, რასაც “ქართული ოცნება” გვთავაზობს. მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებისა, თითოეული ადამიანი იმსახურებს ჯანმრთელობის, სიცოცხლის უფლების დაცვასა და უფლებას, წარდგეს სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე.

ხელისუფლებას აქვს პირდაპირი ვალდებულება, უზრუნველყოს სააკაშვილის ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას.

მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა დაცული იყოს პატიმრის, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია