წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტისა და რეგიონალური დირექტორის საქართველოში ვიზიტი დასრულდა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ვიცე-პრეზიდენტის ჟილ კარბონიესა და ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის მარტინ შუეპის ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

ისინი საქართველოს 19-25 ოქტომბრის პერიოდში სამხრეთ კავკასიაში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ.

„სხვადასხვა დონეზე გამართული შეხვედრების მთავარ აქცენტს წარმოადგენდა ICRC-ს, როგორც ნეიტრალური შუამავლისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციის როლის ხაზგასმა, რომელსაც კონფლიქტის ყველა მხარეს შეუძლია საქმიანობის წარმართვა დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების დასახმარებლად.

თბილისში ჟილ კარბონიე და მარტინ შუეპი შეხვდნენ ოჯახური ასოციაციისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახური კომიტეტების წარმომადგენლებს, რომლებმაც პირადი ისტორიები გაუზიარეს და მათი ახლობლების ხვედრის გარკვევის პროცესის დაჩქარება სთხოვეს. სტუმრებმა, ასევე, თბილისში ახლახან გახსნილი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალი დაათვალიერეს.

შეხვედრა ჩატარდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სათავო ოფისშიც. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის პარტნიორებმა გამოხატეს მზადყოფნა, კვლავაც განაგრძონ ერთობლივი საქმიანობა შეჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეთა თავდადება და დაუღალავი შრომა ქვეყანაში COVID-19 პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისას“, - ნათქვამია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტი ჟილ კარბონიე და რეგიონალური დირექტორი მარტინ შუეპი შეხვდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და ვიცე პრემიერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს.

„ამ მაღალი დონის შეხვედრებზე განხილულ იქნა 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებული პირების მოძიების ახალი ფორმატის შემუშავების საკითხი, რომელიც ყველა მხარის აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს. ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა მდგრადი, გრძელვადიანი და, ამასთან, უფრო ეფექტური საქმიანობის საჭიროებაზე საქართველოს ხელისუფლების მეტი ჩართულობით. მან, ასევე, ხაზი გაუსვა კონფლიქტთან დაკავშირებით არსებულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ფენომენს სამხრეთ კავკასიაში და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს გამოცდილება და ცოდნა ყველასათვის ყურადსაღები იქნება რეგიონში“, - აცხადებენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა