შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილი არ კვდება და მის სიკვდილს არავინ დაუშვებს - თუ ციხის კლინიკაში არ იქნება საჭირო აპარატურა, გამოყენებული იქნება მობილური აპარატურა ან სხვა კლინიკაში გადაიყვანენ და მერე ისევ უკან დააბრუნებენ

მიხეილ სააკაშვილი არ კვდება და მის სიკვდილს არავინ დაუშვებს, სახელმწიფო პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობაზე,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

კერძოდ, მისი თქმით, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს სტაციონარში მის განთავსებას, ეს ასეც მოხდეს, რათა მას ჩაუტარდეს სრულფასოვანი დიაგნოსტირება და მკურნალობა. ამასთანავე, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ პენიტენციურ სისტემაში არსებულ კლინიკაში არ იქნება საჭირო აპარატურა, გამოყენებულ იქნება მობილური აპარატურა, ან სააკაშვილს კვლევებისთვის გადაიყვანენ შესაბამისი აპარატურის მქონე კლინიკაში და კვლევების დასრულებისთანავე უკან დააბრუნებენ.

„დღეს ყველა თანხმდება, ექიმიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაც, თავად მიხეილ სააკაშვილიც, რომ დღეს მისი ფიზიკური მდგომარეობა არ არის ისეთი, რომ საჭიროებდეს სტაციონარში გადაყვანას. მეორე, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მას დასჭირდა სტაციონარში გადაყვანა? - ამასთან დაკავშირებით განაცხადა იუსტიციის სამინისტრომ, რომ ის განთავსდება მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომელშიც არის სრული ინფრასტრუქტურა, რათა მიხედოს მოშიმშილე პატიმარს. მესამე კითხვაა, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მას დასჭირდება ისეთი კვლევა, რომელიც შესაძლოა, მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ იყოს, ამაზეც განმარტებები გაკეთდა, რომ არის მობილური აპარატები, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა კვლევის ჩატარება, მიიტანენ და ჩაუტარებენ ან თუ საჭიროა სადმე მიყვანა, რომ კვლევა ჩატარდეს და მერე დაბრუნდნენ, ამასაც გააკეთებენ.

მიხეილ სააკაშვილი არ კვდება და მის სიკვდილს არავინ დაუშვებს, სახელმწიფო პასუხისმგებელია, რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობაზე. ის, რომ ის შიმშილობს თუ თავს იკავებს საკვების მიღებისგან, რა თქმა უნდა, თავის თავს ამით ზიანს აყენებს, მაგრამ სახელმწიფო თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში იზრუნებს იმაზე, რომ თუკი მას დასჭირდა სტაციონარული განთავსება, განათავსებს სტაციონარში, ჩაუტაროს ყველა კვლევა და სათანადო მკურნალობა. სხვა შემთხვევაში სპეკულანტობა როცა არის, სპეკულანტებმა უნდა შეწყვიტონ სპეკულაცია, ეს არის ყველაზე სამართლიანი გამოსავალი. ჩვენ გვავიწყდება მთავარი - მიხეილ სააკაშვილი დღეს იხდის სასჯელს, შესაბამისად მისი მკურნალობაც მოხდება იმ სტანდარტით, რასაც ჰქვია სასჯელის მოხდის პარალელურად მკურნალობა, ეს არ ნიშნავს მის გათავისუფლებას და მკურნალობას და შემდეგ მის დაბრუნებას ციხეში. საავადმყოფო #18 იმიტომაც არსებობს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რომ პატიმრებს ემსახურება და იქ მკურნალობენ ისეთ პირობებში, რომ ამავე დროს, მათ შეზღუდული აქვთ თავისუფლება, ეს არის იდეა. თუკი შეფარულად ეს არის იმის თქმის სურვილი, რომ რაღაცნაირად გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან, მაშინ ასე თქვან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე, მმართველი პარტიის მიერ ხვალ დაანონსებულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ აქციას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება, იმ მიზეზით, რომ ის გავიდა პოლიტიკიდან. ამასთანავე, პაპუაშვილის ინფორმაციით, ხვალ იქნება სიტყვით გამოსვლები და აქცია კოვიდრეგულაციების შესაბამისად გაიმართება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა