„ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს

„ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის“ მმართველი საბჭო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნას მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც საჭიროების შემთხვევაში გაეწევა ნებისმიერი პროფილის, დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და ამით დაცული იქნება მისი სიცოცხლის უფლება.

“ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის ფაქტს.

ჩვენი მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ ის სამედიცინო რისკები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობას უკავშირდება.

დღევანდელი მოცემულობით, მ.სააკაშვილის პროტესტის ექსტრემალურ ფორმის - შიმშილობის 27-ე დღეა. მისი პირადი ექიმის ინფორმაციით, მ.სააკაშვილს ანამნეზში აღენიშნება სისხლმბადი სისტემის თანდაყოლილი დაავადება - თალასემია (საშუალო სიმძიმის) და ღვიძლის თანდაყოლილი პათოლოგია - ჟილბერის სინდრომი (Gilbert’s syndrome)

სამედიცინო რისკების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია შემდეგის გათვალისწინება:

  1. შიმშილობით გამოწვეული მჟავე-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა და გულ-სისხლძრღვთა სისტემის დისფუნქცია, გლუკოზის დეფიციტით გამოწვეული პრობლემები, ვიტამინი B1 დეფიციტით გამოწვეული ნევროლოგიური ცვლილებები და სხვა.
  2. სტრესით გამოწვეული საშუალო სიმძიმის თალასემიის გადაზრდა თალასემიის მძიმე ფორმაში, რაც სპეციალიზირებულ ჰემატოლოგიურ მართვას საჭიროებს.
  3. ჟილბერის სინდრომის გამწვავების შედეგად გამოწვეული ჰიპერბილირუბინემია და მასთან დაკავშირებული ჰემოლიზი (სისხლის წითელი უჯრედების დაშლა).

ეს არის იმ შესაძლო მულტიორგანული გართულებების მოკლე ჩამონათვალი, რაც შეიძლება განუვითარდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

მულტიორგანულ გართულებებს კი მულტიპროფილური მართვა ესაჭიროება. მართვის პროცესში აუცილებელია კარდიოლოგების, ნევროპათოლოგების, ჰეპატოლოგების, ენდოკრინოლოგების, ჰემატოლოგების, ინტენსიური თერაპიის სპეციალისტების, რეანემატოლოგების ჩართულობა და შესაბამის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებზე ხელმისაწვდომობა.

საქართველოში რამდენიმე მრავალპროფილური საავადმყოფოა, რომლებიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა პროფილის ექიმებით და სადაც შესაძლებელია მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები (კომპიუტერული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, ენდოსკოპიური გამოკვლევა), ინვაზიური რადიოლოგიური ჩარევები და ფართო სპექტრის ლაბორატორიული გამოკვლევები.

ჩენი ინფორმაციით, მხოლოდ გასულ წელს პენიტენციალური დაწესებულებიდან მულტიპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანილია 585, რაც ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა არ იქნება პრეცედენტი და არ შეეწინააღმდეგება ზოგად სამართლებრივ ნორმებს.

ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენი განცხადება მოკლებულია ყოველგვარ პოლიტიკურ კონიუნქტურას, ეფუძნება პროფესიულ, ჰუმანურ და გლობალურ რეპუტაციულ პრინციპებს; სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც საჭიროების შემთხვევაში გაეწევა ნებისმიერი პროფილის, დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და ამით დაცული იქნება მისი სიცოცხლის უფლება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას უერთდებიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები: სოფიო ბერიძე, რევაზ ბოჭორიშვილი, მაია ბუწაშვილი, ზურაბ გურული, ნინო ისაკაძე, გიორგი კავკასიძე, ვახტანგ კალოიანი, გიორგი კამკამიძე, ბიძინა კულუმბეკოვი, არჩილ მარშანია, მამუკა მაჩაიძე, დავით მრელაშვილი, ანი ქავთარაძე, ვლადიმერ ჩაჩანიძე, გრიგოლ ხურციძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო