პრემიერი - არავითარი სანდოობა არ აქვს ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევებს, IPSOS-ის სახელს რომ იყენებენ, ესეც ყველასთვის ცნობილია

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არავითარი სანდოობა არ აქვს ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევებს. IPSOS-ის სახელს რომ იყენებენ, ესეც ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა IPSOS-ის კვლევას გუშინ მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული „ტრიუმფალური ღონისძიების“ გადაფარვის უსუსური მცდელობა უწოდა.

„ლევან თარხნიშვილის მიერ გაყალბებული კვლევები ნამდვილად არ არის საინტერესო ჩვენთვის. ეს არის მორიგი უსუსური მცდელობა იმისა, რომ გუშინდელი, ეს მართლაც ტრიუმფალური ღონისძიება, გადაეფარათ რაიმენაირად და ამ ყველაფერს ძალიან მალე, 2 დღეში, მთელი მოსახლეობა, ჩვენი საზოგადოება იხილავს, რომ არჩევნების მეორე ტური დასრულდება, რა თქმა უნდა, ჩვენი გამარჯვებით,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" IPSOS-ის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, "მთავარი არხის" დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა იმ ხუთ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 100 ათასს აღემატება. ესენია თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი.

კითხვაზე, მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, კვლევის თანახმად, შედეგები ასე გადანაწილდა.

ნიკა მელია - 48,4%

კახა კალაძე - 51,6%

ამასთანავე, კითხვაზე, მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, ზუგდიდში შედეგები ასე გადანაწილდა:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ანზორ მელია - 54,7%

„ქართული ოცნება“ - მამუკა წოწერია - 45,3%

რაც შეეხება ბათუმს, კვლევის თანახმად, ბათუმში მონაცემები ასე ნაწილდება:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი კირთაძე - 51,3%

„ქართული ოცნება“ - არჩილ ჩიქოვანი - 48,7%

IPSOS-ის კვლევის თანახმად ქუთაისის შედეგები ასე გამოიყურება:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ხატია დეკანოიძე - 51,7%

„ქართული ოცნება“ - იოსებ ხახალეიშვილი - 48,3%

რაც შეეხება რუსთავს, კვლევის მიხედვით, მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - დავით კირკიტაძე - 53,1%

„ქართული ოცნება“ - ნინო ლაცაბიძე - 46,9%

ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვლევა ჩაატარა IPSOS-გლობალმა, "მთავარი არხის" დაკვეთით. გამოკითხვა ჩატარდა 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.

სულ გამოიკითხა 2 600, 18 წელს ზემოთ ასაკის რესპოდენტი, რომელსაც ამ ქალაქებში, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს. შედეგები ემყარება ყველა ამ გამოკითხულის აზრს. ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 3%-ია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო