მეუფე გრიგოლი - სააკაშვილს მოძრაობა შენელებული აქვს, ვიცით, როგორი ტყვიასავით იყო - არ მაქვს სურვილი, ახალგაზრდა პრეზიდენტი ვიგლოვოთ

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არა ჩვეულებრივი, არამედ არაჩვეულებრივი პატიმარია.

როგორც მან მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას არ აქვს სურვილი, ახალგაზრდა პრეზიდენტის გლოვის.

„შევხვდი, ვესაუბრე პრეზიდენტ სააკაშვილს. ბუნებრივია, რომ ამდენი დღის შიმშილობის შემდგომ, რა თქმა უნდა, სუსტად გრძნობს თავს, თუმცა, მხნეობას არ კარგავს. სისუსტე სახის ფერზეც ეტყობა, მოძრაობა შენელებული აქვს, რომ ვიცით როგორი ტყვიასავით იყო. ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა, ეს თქვენთვის ნაკლებ საინტერესო და საჭიროა. რაც შეეხება შიმშილობას, მან იცის რატომ შიმშილობს. მისი საუბრიდანაც ვნახე, რომ ამ თემაზე ლაპარაკს არ აქვს მნიშვნელობა, მიზეზთა გამო. გარკვეულ მიზეზთა გამო, ის არ აპირებს ექიმების დახმარებაზე თანხმობას.

ხშირად გვესმის საუბარი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, ვიტყვი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და უნდა იყოს კიდეც თანასწორი. მაგრამ ის საუბარი, რომ ჩვეულებრივი პატიმარია, ჩვეულებრივი პატიმრების მიმართ ხომ საერთაშორისო ყურადღება არ არის მოპყრობილი, ესე იგი არაჩვეულებრივი პატიმარია. ჩვენი საზოგადოება უკვე მერამდენედაა დაპირისპირებული და პოლარიზებული. ჩვენ გვესმის, მეც მოვისმინე, საყოველთაო შერიგების შესახებ, მაგრამ ამ თემაზე საუბარი უცნაურია, იმიტომ, რომ შერიგება რომ მოხდეს, პირველ რიგში ღირებულებათა თანხმობა უნდა იყოს. ჩვენ ღირებულებითი შეუთანხმებლობა გვაქვს საზოგადოებაში. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. თუ რაღაცაში მაინც ღირებულებით ნაწილში შევთანხმდებოდით, საუბარი უკვე შეიძლება დანარჩენზე. ამ პატიმრის ბედი გარკვეულწილად უკავშირდება სახელმწიფოს და სამშობლოს განვითარების ბედს და თუ ამაზე დავფიქრდებით, შევძლებთ ზღვარი გავატაროთ პირადულ წყენას, ტრაგედიას და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის. ასეთ დროს უფრო შევძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

არ მაქვს სურვილი, რომ ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი. არის შემთხვევები, როცა შიმშილობა კი არა თვითმკვლელობაც კი პირიქით ეთვლება ადამიანს, არის განსაკუთრებული შემთხვევები. პოლიტიკოსებთან დაკავშირებით ჩვენ ამ თემას ვერ განვსჯით, რადგან პოლიტიკოსებისთვის ეს არის ინსტრუმენტი, მისი არჩევანია. მე მას ვუთხარი, რომ ეს არის თქვენი არჩევანი“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

არმაზ ახვლედიანი - რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, ამას „ნაცმოძრაობის“  ხელმძღვანელები ვერ ხვდებიან? თუ ვერ ხვდებიან, მაშინ რა უნდათ პოლიტიკაში?
ქართული პრესის მიმოხილვა 08.02.2023
რამაზ საყვარელიძე - საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობის მოტივს ვერ ვხედავ, სამაგიეროდ ვხედავ რუსეთის მოტივს, დაარწმუნოს ყველა, რომ საქართველო მისი ისეთი კარგი მეგობარია, რომ მოსკოვი ფრენებსაც კი აღადგენს
ნათია სონღულაშვილი - ყველა ის გარანტია, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური არასათანადო მოპყრობის მსხვერპლს სთავაზობს, გაზრდის მსხვერპლის ნდობას სამსახურისა და თითოეული გამომძიებლის მიმართ
მსოფლიო ჩემპიონატის წინ სილქნეტი სათხილამურო ფედერაციასთან ერთად მედიას შეხვდა
კრედო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად ხელშეკრულება გაფორმდა
„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს
რეკრუტინგის პირველი ქართული აპლიკაციის - Awork Business App-ის პრეზენტაცია 2 თებერვალს, King David-ში გაიმართა
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა