შალვა პაპუაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე - როცა კომპანია აკეთებს შემოწირულობას, ესე იგი, ფინანსურად მძლავრი კომპანიაა, წარმატებული კომპანიები კი, შეიძლება ტენდერებშიც იყოს გამარჯვებული

როდესაც კომპანია აკეთებს შემოწირულობას, ესე იგი, ის ფინანსურად მძლავრი კომპანიაა და სტაბილური შემოსავალი აქვს. წარმატებული კომპანიები კი, შეიძლება ტენდერებშიც იყოს გამარჯვებული. აქ არაფერი უცხო არ არის, - ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას, სადაც ორგანიზაციამ მმართველი პარტიის შემოწირულობებში კორუფციის ნიშნები დაინახა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მუდმივი აპელირება აღქმებზე, რომელსაც ფაქტები არ წარმოუდგენია, არასამთავრობო ორგანიზაციის დაბალი კვალიფიკაციის მაჩვენებელია.

„რაც შეეხება კორუფციულ რისკებს, თავისთავად, როდესაც კომპანია აკეთებს შემოწირულობას, ესე იგი, ის ფინანსურად მძლავრი კომპანიაა და სტაბილური შემოსავალი აქვს. ამასთან, მას გარდა ბიზნესსაქმიანობისა, აქვს საშუალება შეიტანოს წვლილი პარტიული სისტემის განვითარებაში და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ესენი წარმატებული კომპანიები იქნებიან და თუ წარმატებულია კომპანია, შეიძლება ტენდერებშიც იყოს გამარჯვებული. აქ არაფერი უცხო არ არის. რაც შეეხება აღქმებს, რომ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს [კორუფციას], სიმართლე გითხრათ, ბოლო პერიოდში, დაბალი კვალიფიკაციის მაჩვენებელი ხდება ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, როდესაც ხდება მუდმივი აპელირება აღქმებზე, შთაბეჭდილებებზე ნაცვლად იმისა, რომ ფაქტები წარმოადგინონ. აღქმები და შთაბეჭდილებები ბევრს შეიძლება რაღაცასთან დაკავშირებით ჰქონდეს, მაგრამ პროფესიონალიზმი გულისხმობს, რომ თუ რაღაც დაშვებას ვაკეთებთ, მას მინიმუმ რაღაც მტკიცებულება უნდა ახლდეს თან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ხელოვნურად არ იღებდნენ შეწირულობებს და არც ხარჯავდნენ.

„დიახ, ამ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო უფრო მეტი შემოწირულობა და უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე ოპოზიციურმა პარტიებმა. ამავე დროს შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ დახარჯა უფრო მეტი, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“ მიუხედავად იმისა, რომ იმ არჩევნებში დამარცხდნენ. ჩვენ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ვხედავდით, რომ მათ არ ჰქონდათ წინასაარჩევნო კამპანია, არ აკრავდნენ ბანერებს, აგროვებდნენ თანხებს და არ ხარჯავდნენ, ამიტომ ეს ხელოვნურად გამოწვეული დაბალი შემოწირულობების რაოდენობაა ოპოზიციაში, მათ შორის, დაბალი ხარჯებიც. ამის შესახებ სადამკვირვებლო მისიებსაც ვაფრთხილებდით, რომ საბოლო შედეგები სავარაუდოდ, დაჯდებოდა ისე, რომ „ქართულ ოცნებას“ მეტი დანახარჯი ექნებოდა. ესეც მანიპულაციაა და არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციას ნაკლები შემომწირველი ჰყავს ან შეუძლია ნაკლები თანხის შეგროვება, კიდევ შეგახსენებთ, რომ მათ ერთი წლის წინ მეტი დახარჯეს, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“. ამიტომ მათ შეწირულობის მიღების პრობლემა არ აქვთ. ისინი ხელოვნურად არ იღებდნენ შეწირულობებს და არც ხარჯავდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად, მმართველი პარტიის შემოწირულებებში კორუფციის რისკების შემცველი შემთხვევები გამოვლინდა.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით 25-მა პოლიტიკურმა პარტიამ ჯამში 23,227,322 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 71% - 16,585,660 ლარი „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოზე” მოდიოდა, მეორე იყო პარტია „ლელო საქართველოსთვის” 2,330,556 ლარით, ხოლო მესამე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2,212,912 ლარით.

გარდა ამისა, მათივე ცნობით, მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2021 წელს ჯამში დაახლოებით 155 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგეს და 6 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იგივე პერიოდში 3 მლნ ლარამდე გაიღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ.

ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პოლიტიკური კორუფციის განსაკუთრებით მაღალი რისკები, ბუნებრივია, მმართველი პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულებებს უფრო ახლავს თან, ვინაიდან სწორედ ხელისუფლებას აქვს იმის ბერკეტი, რომ გარკვეული სარგებლის მიღების სანაცვლოდ გაურიგდეს პოტენციურ შემომწირველს.

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია