„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ - პოლიტიკოსების მხრიდან ეკლესიისადმი ერთგულების დემონსტრირების ინტენსიურობა 2021 წლის არჩევნებს სხვა არჩევნებისგან განასხვავებს

პოლიტიკოსების მხრიდან ეკლესიისადმი ერთგულების დემონსტრირების ინტენსიურობა 2021 წლის არჩევნებს სხვა არჩევნებისგან განასხვავებს. ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების მეორე ტურის წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობაზე დაკვირვების ანგარიშშია აღნიშნული.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, მონიტორინგი მოიცავს 2 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს. დოკუმენტში მოცემულია სასულიერო პირების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ფაქტები. მათივე ცნობით, მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გავლენის მნიშვნელობა, როგორც საარჩევნო პროცესებზე, ისე სასულიერო პირებზე.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ, რასაც მისი დაპატიმრება მოჰყვა, მღვდელმსახურების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. სასულიერო პირების პოლიტიკური განცხადებების პარალელურად, „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა პატრიარქისა და ეკლესიისადმი ერთგულების დასამტკიცებლად, არაერთი პოლიტიკური განცხადება გააკეთეს. პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ეკლესიისადმი ერთგულების დემონსტრირების განსაკუთრებული ინტენსივობა სწორედ ის ნიშანია, რაც 2021 წლის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს უკანასკნელი წლების არჩევნებისგან განასხვავებს. ეკლესიის სახელმწიფოს ფუნდამენტში მოაზრება და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების განსაკუთრებული აქცენტი სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთიანობაზე, ასეთი აქტუალური არც ერთი წინასაარჩევნო კამპანიის დროს არ ყოფილა.

საქართველო მულტიეთნიკური სახელმწიფოა, მრავალფეროვანი რელიგიური დემოგრაფიით. საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთმანეთისგან დამოუკიდებლობას. თუმცა, „ქართული ოცნების“ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები, შლის ზღვარს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს, როგორც სეკულარული სახელმწიფოს იდეას.

მეორე ტურამდე წინასაარჩევნო პერიოდი თვალსაჩინო იყო პოლიტიკოსების მხრიდან ეკლესიის სასარგებლოდ პოზიციების ცვალებადობითაც. რელიგიურობის და პატრიარქისადმი ერთგულების დამტკიცების არაერთი მცდელობა ჰქონდათ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს.

მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა ორი მნიშვნელოვანი მიგნება. პირველი, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ და მისმა დაპატიმრება-გათავისუფლების საკითხმა სასულიერო პირებს შორის აზრთა მკაფიო სხვადასხვაობა გამოიწვია და გაამყარა აქამდე არსებული მოსაზრებები, რომ ღვთისმსახურები ძალაუფლების შესანარჩუნებლად აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ სუბიექტებთან. მეორე, გამოიკვეთა მორალური და ზნეობრივი საკითხებით მანიპულირების მცდელობა საარჩევნო სუბიექტების მხრიდან, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეკლესიის და რელიგიის „გამოყენების“ პრაქტიკასთან.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან რელიგიური ორგანიზაციებისა და კონკრეტულ სასულიერო პირთა გავლენების გამოყენების მცდელობა წარმოადგენს მანკიერ პრაქტიკას და უარყოფითად აისახება არჩევნების შედეგებზე“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო