კახა ქემოკლიძე - რაც მალე დაგვტოვებენ ისინი, ვინც გადაბირებადი და გაყიდვადი არიან, მით უკეთესი იქნება პარტიისთვის - მეორე მხარესაა უდიდესი ფინანსური მონსტრი და ადამიანი შეიძლება ორ დღეში გაიყიდოს

ამ ადამიანის ადგილი ჩვენს პარტიაში არ აღმოჩნდა. ჩვენ ამას მოველოდით - კრისტალიზაცია ამ გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა კახა ქემოკლიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ბათუმის საკრებულოში გახარიას გუნდის წევრის, ირაკლი თავდგირიძის მიერ პარტიის დატოვებას გამოეხმაურა.

ქემოკლიძის თქმით, მათი წარმომადგენელი „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბირა. როგორც მან აღნიშნა, იცის, რის სანაცვლოდ წავიდა პარტიიდან თავდგირიძე, თუმცა კონკრეტულ ფაქტებზე არ საუბრობს.

„ამ ადამიანის ადგილი ჩვენს პარტიაში არ აღმოჩნდა. ადამიანები, ვინც გადაბირებადები და გაყიდვადები არიან, რაც მალე დატოვებენ პარტიას, მით უკეთესი ამ პარტიისა და ზოგადად, პოლიტიკური პროცესის კრისტალიზაციისთვის. ჩვენ ამას მოველოდით. ეს ქართული პოლიტიკისთვის არახალია. ამაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება - იმ ორგანიზაციას, რომლებმაც ქართული პოლიტიკა იმდენად დააბინძურა, რომ იქ უკვე სუფთა პოლიტიკის კეთება შეუძლებელი ხდება, თუ ეს ადამიანი ღირებულებების და ფასეულობების ირგვლივ არ არის გაერთიანებული“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ქემოკლიძე სიცრუეს უწოდებს თავდგირიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პარტია იმიტომ დატოვა, რომ მისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მიუღებელია.

„ბატონი თავდგირიძე აბსოლუტურად საპირისპიროსაც ამბობდა რამდენიმე დღის და კვირის წინ. ეს განცხადება, რაც უტიფრად დაწერა, მტკნარი სიცრუეა. პარტია „საქართველოსთვის“ გუნდის ყველაზე დიდი პლუსი არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც იქ გაერთიანდნენ ერთ ღირებულებას უნდა იზიარებდნენ და ამ ღირებულებას ჰქვია სახელმწიფო ინტერესები - ესაა ბიბლიაც და რელიგიაც გარკვეულწილად ამ პარტიის. თუ ადამიანი გაყიდვადი ხარ, მალე უნდა გაიყიდო და ასეთი ადამიანების ადგილი პარტიაში არ არის. თავდგირიძე ადგილობრივ დონეზე იქნება შემდეგი ყორღანაშვილი, ფალავანდიშვილი, ბერბიჭაშვილი თუ ორჯონიკიძე, ეს მისი გადასაწყვეტია. ამით არც არავინ დაინგრევა, არც არავინ დაიქცევა. პირიქით - კრისტალიზაცია კიდევ უფრო გააძლიერებს ამ გუნდს. ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია ღირებულებები, დამოუკიდებელი დეპუტატი ვერ იქნება.

რეალური პოლიტიკა ვისაც ესმის, მეორე მხარეს არის უდიდესი ფინანსური მონსტრი. ადამიანს თუ შესთავაზებენ რაღაც განსაკუთრებულ დაინტერესებას ფინანსური კუთხით, შეიძლება ის ადამიანი ორ დღეში გაიყიდოს, თუ ღირებულება არ გაქვს“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ გახარიას გუნდი საკრებულოების სხვა დეპუტატებმაც დატოვონ, ქემოკლიძე ამბობს, რომ არ ჰგონია, ამას მასშტაბური ხასიათი ჰქონდეს.

„არ მგონია, ამან მასშტაბური ხასიათი მიიღოს, თუმცა ქართულ პოლიტიკაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

კახა ქემოკლიძემ ასევე ისაუბრა არჩევნების მეორე ტურზეც და აღნიშნა, რომ მისი პარტიის მხარდამჭერები გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ.

„ჩვენი პარტიის სტრატეგიული ხაზი არის ის, რომ ჩვენ არ ვემხრობით არც ერთს და არც მეორეს. ადამიანები, რომლებმაც შემოხაზეს 25, იმ დონეზე გონიერები არიან, რომ პარტიული დირექტივები არ სჭირდებათ“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ქემოკლიძემ ასევე შეაფასა ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტი და აღნიშნა, რომ მისი აზრით, ე.წ. ოპოზიციური გაერთიანება არ არსებობს.

„ჩემი აზრით, ჩრდილოვანი კაბინეტი, ე.წ. ოპოზიციური გაერთიანება არ არსებობს. კოალიციები იქმნება ელექტორალური ბაზების საფუძველზე. ე.წ. კოალიციაში, სადაც 92%-იანი უმრავლესობაა „ ნაციონალური მოძრაობა“ და 5-7% ყველა დანარჩენი ერთად, ეს არის ჩვეულებრივი ფიქცია. ამის ჩვენ არ გვჯერა“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებებს, ქემოკლიძე ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

„თუკი ბატონ სააკაშვილს რამე დაემართება, ეს „ქართული ოცნების“ პირდაპირი იურიდიული პასუხისმგებლობაა. ყველა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. ძალიან მიკვირს ორივე მხრიდან გაჯიუტება ე.წ. გეოგრაფიულ ლოკაციაზე, თუ სად უნდა განაგრძოს სააკაშვილმა მკურნალობა. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს