ირაკლი კობახიძე ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების საქმეზე - მტკიცებულებების ნაწილი გამოქვეყნდა და დანარჩენებიც გამოქვეყნდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე დაწყებულმა გამოძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ ქვეყანაში არეულობის შემოტანა აინტერესებს.

კითხვაზე, არსებობს თუ არა სხვა მტკიცებულებები, გარდა სუს-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერებისა, კობახიძე ამბობს, რომ „ნაწილი გამოქვეყნდა და დანარჩენებიც გამოქვეყნდება“. მისივე თქმით, საქმის ფარგლებში მოსმენა „ოფიციალურად, ორდერის საფუძველზე“ განხორციელდა.

„ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს არის პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობის“ სახით, რომელსაც ერთადერთი რამ აინტერესებს - ეს არის ქვეყანაში არეულობის შემოტანა, თუმცა მათ ამის საშუალება არ ექნებათ. გუშინ ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როდესაც სათანადოდ გაიხსნა სავარაუდო დანაშაული“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კითხვაზე, რატომ ქვეყნდება ხოლმე მსგავსი ჩანაწერები არჩევნების წინა პერიოდში, კობახიძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევებზე „ბრალდება ყოველთვის საფუძვლიანია“.

„არა მარტო ჩანაწერებში ისმის ეს ყველაფერი, არამედ 9 წლის განმავლობაში, ეს ადამიანები მუდმივად, საჯაროდ და ღიად საუბრობენ რევანშზე, არეულობაზე, ქაოსზე, რევოლუციაზე და ა.შ. ამაზე ღიად საუბრობენ, ამას საერთოდ რამე მტკიცებულება რაში სჭირდება. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დასრულებას, ეს არის შესაბამისი უწყების პრეროგატივა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას. ამის შესახებ სუს-ში ბრიფინგზე განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო