ICDI და IDMC ერთობლივი სადამკვირვებლო მისია 30 ოქტომბერს მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების მეორე ტურს აკვირდება

„დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრისა“ და ,,ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის 13 გრძელვადიანი დამკვირვებელი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოთა არჩევნების მეორე ტურს აკვირდება.

სადამკვირვებლო მისიის 13 გრძელვადიანი დამკვირვებელი არჩევნების მეორე ტურს აკვირდება თბილისში (ვაკე, საბურთალო, კრწანისი, დიდუბე, გლდანის ოლქები), რუსთავის, ქარელის, ხაშურისა და ყვარლის ოლქებში.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გრძელვადიანი დამკვირვებლების ინფორმაციით, სამონიტორინგო ოლქების შესაბამის საარჩევნო უბნებში, უბნების გახსნა, კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში, გამჭვირვალედ და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და თანმიმდევრობით წარიმართა, თუმცა დაფიქსირდა მცირე პროცედურული ხარვეზები, კერძოდ:

საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნის 1 ფაქტი, კერძოდ, №33 ქარელის საოლქო საარჩევნო კომისიის მე-2 უბანი 5-წუთიანი დაგვიანებით გაიხსნა. (საუბნო საარჩევნო კომისია უნდა გაიხსნას 07:00სთ-ზე). უბნების გახსნის მომენტისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობა შეესაბამებოდა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნას და ძირითადად იყო 12-17. 3 უბანზე დაფიქსირდა უბნის წევრის დაგვიანებით მისვლის ფაქტი : №20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის 1-ლი უბანი, №35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის მე-6 უბანი, №33 ქარელის საოლქო საარჩევნო კომისიის მე-2 უბანი. უბნებზე სრულადაა დაცული კოვიდ რეგულაციები, მიმდინარეობს კომისიის წევრების, დამკვირვებლების, სუბიექტის და მედიის წარმომადგენლების თერმოსკრინინგი.

მათივე ინფორმაციით, საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები წარიმართა მშვიდ ვითარებაში საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით. წილისყრით ფუნქციების გადანაწილებისთვის პროცედურები წარიმართა დადგენილი წესით და თანმიმდევრულობით: ამომრჩეველთა რეგისტრატორის გამოვლენა (300 ამომრჩეველზე არანაკლებ 1 რეგისტრატორი), გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის 2 წევრი, ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრსა“ და ,,ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრში“ აღნიშნავენ, საარჩევნო რეფორმის ფარგლებში რეგისტრატორთა ფუნქციის მინიჭება განხორციელდა კანონით გათვალისწინებული ცვლილების მიხედვით.

„ №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 91-ე უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როცა გადასატანი ყუთის წამღების ფუნქციაზე უარი განაცხადა პირმა ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. №8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის მე-12 უბანზე რეგისტრატორს მარკირების სითხე გაუფუჭდა, რის გამოც დროებით, სანამ ოლქიდან ახალ სითხეს მოიტანდნენ მეზობელი რეგისტრატორის სითხით სარგებლობდა, რაც იწვევდა უბანზე ამომრჩევლის რიგებს. მოცემულთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარიც. ჩვენი დამკვირვებლების ინფორმაციით 8:00 საათისთვის საარჩევნო უბნები მზად იყვნენ ამომრჩევლების მისაღებად.

პირველი ამომრჩევლის უბნებზე გამოცხადებისთანავე საკონტროლო ფურცლები სრულად შეივსო, აღინიშნა ჩანაწერთა წიგნში და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით სამივე ეგზემპლარი გადანაწილდა ძირითად და გადასატან ყუთებში, ხოლო ერთი კომისიების თავმჯდომარეებმა შეინახეს. №8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის 27-ე უბანზე თავმჯდომარემ სპეციალური სიით მისცა ხმა, ხელზე ხელთათმანი ეკეთა და მარკირება არ გაუვლია. აღნიშნულზე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელმა (პ/გ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) შენიშვნა მისცა, რის შემდეგადაც თავმჯდომარემ დაგვიანებით გაიარა მარკირება.

№10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის პირველ უბანზე 3 რეგისტრატორმა ფუნქციის განხორციელებაზე განაცხადა უარი, ხოლო მათი ჩანაცვლება განხორციელდა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით. საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა შეიმჩნევა. №8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის მე-12 უბანზე ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით კომისიის წევრებს (დანიშნულები პ/გ ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” და პ/გ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) შორის გაუგებრობა იყო, რის გამოც უბანზე მშვიდ საარჩევნო გარემოს შეექმნა საფრთხე, თუმცა დროულად მოხდა აღნიშნული დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვრა. №8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის მე-12 უბანზე დაფიქსირდა ამომრჩეველის მისვლის ფაქტი, რომელიც გადასატანი ყუთის სიაში იყო დაფიქსირებული, კომისიის წევრების მიერ განემარტა, რომ ადგილზე ხმას ვერ მისცემდა და უნდა დალოდებოდა გადასატან ყუთს სახლში.

№3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 90-ე უბანზე დაფიქსირდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ამომრჩევლის გამოცხადების 1 ფაქტი და ამომრჩეველს არ მიეცა ხმის მიცემის შესაძლებლობა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენამდე. №10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის 28-ე უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მარკირების შემოწმების გარეშე უბანზე შეშვების ფაქტი, თუმცა ჩვენი დამკვირვებლის მიერ სიტყვიერი მითითების შედეგად აღნიშნული აღმოიფხვრა.

ჩვენი შეფასებით, საარჩევნო კომისიები დროულად რეაგირებენ დამკვირვებლების მიერ მიცემულ შენიშვნებზე, ხოლო საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ გარემოში, გამჭვირვალედ და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად.

ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ დღეს კენჭისყრა მიმდინარეობს 20:00 საათამდე და კენჭისყრის პროცესში მონაწილეობისათვის თან უნდა იქონიონ: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან/და საქართველოს მოქალაქის პასპორტი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო