„საერთაშორისო გამჭვირვალობა” - ჩვენ მიერ დაფიქსირდა 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა

ჩვენ მიერ დაფიქსირდა 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა, #25 ფოთის საარჩევნო ოლქის #7 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს არ აძლევდნენ პროცესებზე დაკვირვების შესაძლებლობას და გამოაძევეს უბნიდან“, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში” აღნიშნავენ, მათი დაკვირვებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების მეორე ტური ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც მათი სტატიკური დამკვირვებლები არიან წარმოდგენილნი, დროულად გაიხსნა.

„ჩვენ მიერ დაფიქსირდა 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 8 საჩივარი. მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები. კერძოდ, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის დარღვევა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის მანძილზე, პირველი ტურის მსგავსად, შეინიშნება პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს.

საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლის აღნუსხვა - #79 ბათუმის, #17 თელავის და #20 რუსთავის საარჩევნო ოლქების ბევრ უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი მოსული ამომრჩევლის ვინაობას ხმამაღლა აცხადებდა, რასაც უბანზე მყოფი სხვადასხვა უფლებამოსილი პირი ინიშნავდა და აგზავნიდა. გარდა ამისა, #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #66 უბანზე ამომრჩეველთა რეგისტრატორები მოსული ამომრჩევლის რიგით ნომრებს ცალკე ინიშნავდნენ. მათი თქმით, ამას ისინი კომისიის თავმჯდომარის დავალებით აკეთებდნენ. ჩვენი დამკვირვებლის მითითების შემდეგ რეგისტრატორებმა შეწყვიტეს ეს ქმედება. მოსული ამომრჩევლის უბნის შიგნით აღრიცხვა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა, ვინაიდან ასეთი ქმედება ამომრჩევლის ნების კონტროლად არის აღქმული და უარყოფითად იყო შეფასებული ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ.

დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა- #25 ფოთის საარჩევნო ოლქის #7 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს არ აძლევდნენ პროცესებზე დაკვირვების შესაძლებლობას და გამოაძევეს უბნიდან. ამ უბნის კომისიის თავმჯდომარე, ზაველი ღაღანიძე ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა ჩვენს დამკვირვებელს, ასევე, აგრესიულობით გამოირჩეოდა ამავე უბანზე მყოფი ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ნათია ჩიკვაიძე.

საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მარკირების გარეშე შეშვება- #69 ჩხოროწყუს ოლქის #15 უბანზე, 10-მდე ამომრჩეველი მარკირების შემოწმების გარეშე დაუშვეს უბანზე. დავწერეთ საჩივარი და კომისიის თავმჯდომარისა და ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა მოვითხოვეთ.

ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა-#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #5 და #81 უბნების მიმდებარედ, ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტს, დავით მანიას, „ქართული ოცნების” კოორდინატორები ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში; პოლიცია ადგილზე იყო, თუმცა ჟურნალისტის უფლებების დარღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებდა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც არასამთავრობო ორაგნიზაციაში აღნიშნავენ, #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის უბნებზე ტენდენციის სახე ჰქონდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების „კავშირი მწვანე დედამიწის” და „საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს“ რამდენიმე დამკვირვებლის ერთსა და იმავე უბანზე ერთდროულად ყოფნას, რაც კანონით არ არის დაშვებული. ჩვენი დამკვირვებლების მითითების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე ზედმეტ დამკვირვებელს უბნიდან უშვებდა.

მათივე ცნობით, #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #2 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ დამკვირვებელი დიდი ხნის განმავლობაში ნაკადის მომწესრიგებლის გვერდით იდგა, ყველა ამომრჩეველს ეკითხებოდა სახელს და გვარს და ინიშნავდა მათ ვინაობას.

შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2021 წლის 30 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურს 250-მდე დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები 28 საარჩევნო ოლქში 170 საარჩევნო უბანზე არიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 30 მობილური ჯგუფიც ადევნებს თვალს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მედიაცენტრში მეორე პრესკონფერენციას 19:30-ზე გამართავს, ხოლო 31 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნება საბოლოო შეფასება. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაკეთდეს დამატებითი განცხადებებიც.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს