„სამართლიანი არჩევნები“ - 25 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე შეინიშნებოდა პირთა საეჭვო შეკრება, 1 უბანთან გამოვლინდა ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევა, სავარაუდო მოსყიდვა დაფიქსირდა 2 უბნის გარეთ

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, დამკვირვებლებისგან მიღებული ინფორმაციით, ფიქსირდება უბნის შიგნით ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტები, რაც გამოიხატება კომისიის წევრებისა და უბანზე ყოფნის უფლების მქონე სხვა პირების მიერ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ვინაობისა და პირადი მონაცემების მონიშვნაში.

მათივე ცნობით, კვლავ გამოვლინდა ორგანიზაციის დამკვირვებლების უფლების შეზღუდვის ფაქტები, მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა/ზეწოლა. ხარვეზები ფიქსირდება ამომრჩეველთა სიებთან და ბიულეტენების გაცემასთან დაკავშირებითაც. უბნის გარეთ კვლავ ფიქსირდებოდა პირთა საეჭვო შეკრებები. ზოგიერთ უბანზე მიმდინარეობდა ამომრჩეველთა აღრიცხვა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის გარეთ მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია 100-ვე დამკვირვებლისგან მიიღო. შედეგების მიხედვით:

25 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე შეინიშნებოდა პირთა საეჭვო შეკრება. აქედან, 12 უბანზე შეინიშნებოდა შეკრება მხოლოდ 100 მეტრამდე პერიმეტრში, 7 უბანზე შეკრება მხოლოდ 100 მეტრის გარეთ ხდებოდა, ხოლო 6 უბანზე შეკრება პერიმეტრს შიგნითაც და გარეთაც შეინიშნებოდა.

7 უბანზე ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა მიმდინარეობდა;

1 უბანთან გამოვლინდა ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევა. ზეწოლისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები გამოვლინდა 3 უბანზე. სავარაუდო მოსყიდვა დაფიქსირდა 2 უბნის გარეთ;

2 უბნის შემთხვევაში გამოვლინდა კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტი;

2 უბანზე შეინიშნებოდა ამომრჩეველთა ორგანიზებული და არაერთჯერადი მობილიზება-ტრანსპორტირება ხმის მისაცემად;

2 უბანზე შეინიშნებოდა კომისიის წევრების საეჭვო კომუნიკაცია უბნის გარეთ მყოფ პირებთან.

რაც შეეხება 10:00-დან 14:00-მდე გამოვლენილ დარღვევებს. კენჭისყრის მიმდინარეობის დროს, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის - 5, უბანზე ამომრჩეველთა აღრიცხვის - 5, სიასთან და ბიულეტენებთან დაკავშირებული - 11, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის - 2, მარკირების წესის დარღვევის - 3 და დოკუმენტაციის არასათანადო წარმოების ერთი შემთხვევა.

ამასთან, ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 33 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში - 17 საჩივარი. 18 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ 2021 წლის 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს, 8 მუნიციპალიტეტში, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქსა (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი და ქუთაისი) და 3 თვითმმართველ თემში (ზუგდიდი, ოზურგეთი და თელავი), აკვირდება. აღსანიშნავია, რომ თბილისში ორგანიზაცია საარჩვენო უბნების მესამედს, დანარჩენ ქალაქებსა და თემებში კი ნახევარს აკვირდება.

ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია 27 მობილური ჯგუფისგან და 544 საუბნო საარჩევნო კომისიის და 29 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლებისგან შედგება. „სამართლიანი არჩევნები“ 100 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება უბნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებსაც. არჩევნების დღეს, ორგანიზაციის სათაო ოფისში მოქმედებს მონაცემთა გადამოწმებისა (23 ოპერატორი) და ინციდენტების/საჩივრების ცენტრები (10 იურისტი).

არჩევნების დღეს გამოვლენილი ინციდენტებისა და სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაციას, ორგანიზაცია ასახავს არჩევნების პორტალის ინტერაქტიულ რუკაზე, მისამართზე http://www.electionsportal.ge/.

სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაცია არჩევნების პორტალზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოაგზავნოს, SMS-ის საშუალებით, უფასო ნომერზე 90039 ან ვებ პორტალზე - http://www.electionsportal.ge/geo/new_incident

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს