ცესკოს თავმჯდომარე საოლქო კომისიებს ინიციატივით მიმართავს სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, 7-7 საარჩევნო უბნის შედეგი გადათვალონ

1-ელ ნოემბერს, 140 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვლება. საოლქო საარჩევნო კომისიები, 11:00 საათზე, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სხდომებზე წილისყრით გამოავლენენ ყოველ საარჩევნო ოლქში იმ უბნებს, რომლის შედეგებიც უნდა გადაითვალოს.

ამასთან, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საოლქო საარჩევნო კომისიებს მიმართავს ინიციატივითა და რეკომენდაციით - სავალდებულო 5 უბნის ნაცვლად, გამოავლინონ და გადათვალონ 7-7 საარჩევნო უბნის შედეგი.

როგორც კალანდარიშვილმა დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საარჩევნო რეფორმის საფუძველზე განხორციელებულმა გადათვლის პროცედურებმა არჩევნების პირველ ტურზე აჩვენა, რომ აღნიშნულმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პროცესის გამჭვირვალობას.

“მოვუწოდებ საოლქო საარჩევნო კომისიებს, გამჭვირვალობის მიზნით უზრუნველყონ კომისიის სხდომების და წილისყრის შესახებ შესაბამისი უფლებამოსილი პირების, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ინფორმირება.

ხვალვე, გადათვლის ცენტრებში 17:00 საათზე დაიწყება ბიულეტენების გადათვლა. უზრუნველყოფილი იქნება საჯაროობა და რა თქმა უნდა, პროცესის ვიდეოგადაღება.

ხელახალი დათვლის პროცესს შეუძლიათ დაესწრონ და დააკვირდნენ უფლებამოსილი პირები: დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები. მოვუწოდებ მათ, კანონის შესაბამისად განახორციელონ საკუთარი უფლება-მოვალეობები, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას გადათვლის პროცესის მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში წარმართვას. ჩვენ მიზანდასახული ვართ ამ პროცესში მაქსიმალურად გამოირიცხოს თუნდაც ცალკეული შემთხვევები რამაც გადათვლის მიმდინარეობას შესაძლოა ნებისმიერი სახით შეუშალოს ხელი და რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის ინციდენტის შემთხვევაში გვექნება შესაბამისი რეაგირება.

გადათვლის ცენტრებში სრულად იქნება გათვალისწინებული ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი კოვიდრეგულაციები, ცენტრში შესვლისას ყველა უფლებამოსილ პირს, „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტით ჩაუტარდება ტესტირება.

გადათვლის შედეგად დამუშავებული მონაცემები, ასევე ბიულეტენების გადათვლის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა უმოკლეს ვადებში იქნება ხელმისაწვდომი ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე”, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

იმის გათვალისწინებით, რომ კრწანისის საარჩევნო ოლქში კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ჩატარდა, ხელახალი დათვლა არ განხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო