სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი ალტერნატიული სამედიცინო ჯგუფი ციხეში შესვლას მოითხოვს

ორგანიზაცია „ემპათიას“ ორგანიზებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მონიტორინგის მიზნით, ალტერნატიული სამედიცინო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც სხვადასხვა პროფილის ექიმები არიან გაერთიანებული.

როგორც „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ორგანიზაციამ პენიტენციურ სამსახურს ექსპერტთა ჯგუფის ციხეში შესვლის მოთხოვნით უკვე მიმართა. მისი თქმით, თუკი ექსპერტთა ჯგუფს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის საშუალება არ მიეცა, ეს განიხილება, როგორც დისკრიმინაციული მიდგომა მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას და ყველა შესაბამის უწყებას, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის C-კლასის კლინიკაში გადაყვანა დაუყოვნებლივ მოხდეს.

„ჯგუფში არის ექიმი-რეანიმატოლოგი, ზოგადი ქირურგი გერმანიიდან, ექიმი-კარდიოლოგი, ასევე არის ორი ნევროლოგი, ორი ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ექიმი-ენდოკრინოლოგი, ექიმი-ჰემატოლოგი. ასევე, ჯგუფში არის ჰოლანდიიდან ოჯახის ექიმი, რომლის აკრედიტაციისთვის უნდა მივმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს და ის ჯერჯერობით კონსულტანტის სტატუსით ერთვება. ჩვენ გვაქვს გარკვეული სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე ანამნეზური მონაცემები ჰოლანდიიდან, მაგრამ ეს ინფორმაცია არ არის სრულყოფილი, ეს ანალიზები არის 22 ოქტომბრის მდგომარეობით და ჩვენ გვინდა უკანასკნელი მონაცემებიც მათ შორის, ლაბორატორიული კვლევის შედეგები.

ჩვენ მივმართეთ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და ციხეების სამედიცინო სამსახურს და ვითხოვთ ციხეში შესვლას, ანუ ექსპერტების დაშვებას სამედიცინო გამოკვლევისთვის და ადგილზე გავეცნობით ამ ლაბორატორიულ მონაცემებსაც, თუმცა წინასწარი მონაცემებით კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანილი იყოს სამოქალაქო ტიპის C-კლასის კლინიკაში.

ჩვენ პარასკევს გავაგზავნეთ მოთხოვნა და ვითხოვთ ექსპერტების დაშვებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით. ჩვენ დიდი ხანია მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, რომ მიიღონ ადეკვატური ზომები, იხელმძღვანელონ მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით და არა სხვა პრინციპებით და გადაყვანილი იყოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო ტიპის კლინიკაში, ვინაიდან ის უკვე დიდი ხანია საჭიროებს ინტენსიურ თერაპიაში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებას.

საქართველოს კანონმდებლობა იძლევა საშუალება, რომ ციხეში დაშვებული იქნას ექსპერტთა ჯგუფი. ცენტრი „ემპათია“ პირველად არ ატარებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექსპერტიზას, შესაბამისად, თუკი დაშვებული არ იქნება ჯგუფი - ეს განიხილება, როგორც დისკრიმინაციული მიდგომა მიხეილ სააკაშვილის მიმართ“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა