გია ხუხაშვილი - პროტესტი გასაგებია, მაგრამ მან არ უნდა მიიღოს რევოლუციური განზომილება - ჯერ ერთი, ეს უპერსპექტივოა და მეორე, მაღალი სახელმწიფოებრივი რისკების შემცველია

ექსპერტი გია ხუხაშვილი ულტიმატუმის სახით ხელისუფლების გადადგომის და სრული დელეგიტიმაციის გზას არ ემხრობა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სჯობს ოპოზიციამ აირჩიოს უფრო გრძელვადიანი, უფრო ნაკლებად კომფორტული, უფრო დამღლელი, მაგრამ სახელმწიფოებრივად სწორი გზა და არა რევოლუციური გზით, არამედ ნაბიჯ- ნაბიჯ შეიქმნას ხელისუფლების საარჩევნო გზით მშვიდობიანი გადაბარების პირობები.

ამასთან, როგორც ხუხაშვილი აცხადებს, დღეს რევოლუციური სიტუაცია ქვეყანაში არაა, შესაბამისად ეს არის ომი, რომელშიც ოპოზიცია გამარჯვებული მაინც ვერ გამოვა და არც არასდროს გამოსულა.

„აქციები, პროტესტი გასაგები და კანონზომიერია, გარკვეულწილად ლოგიკურიც, იმიტომ, რომ მართლა ჰქონდა ადგილი რესურსის ბოროტად გამოყენებას, ყველამ ვიხილეთ. შესაბამისად, ამას როგორც პოლიტიკური ელიტა, ისე საზოგადოება უნდა აპროტესტებდეს. ეს პროტესტი არის ლოგიკური, თუმცა, მე არ მგონია, რომ ამ პროტესტმა უნდა მიიღოს რევოლუციური განზომილება. ოპოზიციის მუდმივი ჟინი, რომ საკითხი გადაწყდეს სწრაფად ანუ დილას დავიწყოთ და საღამოს დავამთავროთ, გავაფორმოთ ხელისუფლების დელეგიტიმაცია, ვაიძულოთ ნორმალური საარჩევნო პროცესის მიღმა მოხდეს სისტემის ჩამოშლა და რიგგარეშე პროცესები დაიწყოს, ჯერ ერთი, რომ უპერსპექტივოა და გარდა ამისა, საკმაოდ ბუნდოვან განვითარებას გულისხმობს, რაც მაღალი სახელმწიფოებრივი რისკების შემცველიცაა. დავუშვათ, ხელისუფლებამ დანიშნა დღეს რიგგარეშე არჩევნები, თუ ჩვენ ეს მანკიერებები, რაც არჩევნებს ახასიათებს, მათ შორის, კანონმდებლობაში, არ მოვაგვარეთ და რეალური არჩევნები კონკურენტული არ გავხადეთ, ასეთ რიგგარეშე არჩევნებს რა აზრი აქვს?! შესაბამისად, მინიმუმ ეს გზა გასავლელი გვაქვს. ჩემთვის გასაგებია, რომ ოპოზიცია ამას აპროტესტებს, თავის ამომრჩეველს ხარკს უხდის, რომელიც იმედგაცრუებულია და ორიენტირებულია სწრაფ შედეგზე, თუმცა, მეორე მხრივ, ამას არ უნდა მიეცეს სისტემური ხასიათი ანუ არ უნდა გადაიზარდოს სახელმწიფოებრივი რყევების ფაზაში. ეს საზიანოა და ასევე, ხელისუფლება ასეთ ბრძოლებში, როგორც წესი, გამარჯვებულია და ის იმედგაცრუება, რაც საზოგადოებას აქვს, საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო მძიმე ფორმებს შეიძენს. ეს არის ომი, რომელშიც ოპოზიცია გამარჯვებული მაინც ვერ გამოვა და არც არასდროს გამოსულა. არ არის რევოლუციური სიტუაცია ქვეყანაში. პროტესტი გასაგებია, უნდა გააპროტესტონ, უნდა შეეცადონ, რომ სახელმწიფომ აქედან მაქსიმუმი მიიღოს, მაგრამ არაუმეტეს ამისა,“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ კონკურენტული არჩევნების შესაბამისი ბაზა შეიქმნება.

„ასე რომ, ოპოზიციაში უნდა მიყვნენ პროცესს. ნუ იქნებიან ორიენტირებული რევოლუციურ განვითარებაზე. დღეს არის ვითარება, როცა ხელისუფლების დელეგიტიმაციამ შეიძლება სახელმწიფოს დელეგიტიმაცია გამოიწვიოს. ხელისუფლება არაფერს დათმობს, ამიტომ არის პროტესტი კარგი. უნდა იყოს პროტესტი რა თქმა უნდა, მაგრამ ეს პროტესტი არ უნდა იყოს მყისიერ შედეგზე ორიენტირებული. სააკაშვილის თემა და მოცემულობა, მისი გათავისუფლების მოთხოვნა გასაგებია, მაგრამ ის, რომ მოდი, ახლა ჩვენ დავიწყოთ და ხელისუფლება დავამთავროთ, ამის შედეგებზე უნდა დავფიქრდეთ. ვთქვათ გავყარეთ ხელისუფლება, მერე რა ხდება? ასე რომ, ყველას ვურჩევდი, როცა პოლიტიკურ პროცესზე ზრუნავენ, თუნდაც, სამართლიანად, აუცილებლად გაითვალისწინონ რისკები. ულტიმატუმის სახით ხელისუფლების გადადგომის და სრული დელეგიტიმაციის გზას არ ვემხრობი. სჯობს რომ ნაბიჯ- ნაბიჯ შეიქმნას ხელისუფლების საარჩევნო გზით მშვიდობიანი გადაბარების პირობები და არა რევოლუციური გზით. არის ძალიან მაღალი ალბათობა იმის, რომ შეიქმნება რიგგარეშე არჩევნების პირობები. თვითონ ხელისუფლება შეიძლება გახდეს იძულებული, მაგრამ არა დღეს და არა მეყსეულად. ამას სჭირდება შესაბამისი საფუძველი. დღეს ეს განწყობა საზოგადოებაში, რომ დავამთავროთ ხელისუფლება და მოდი და დღესვე დავნიშნოთ რიგგარეშე არჩევნები, არ არსებობს. საზოგადოება მინიმუმ ორად არის გაყოფილი და ამ გზას ბევრი არ ეთანხმება. ხელისუფლებასაც აქვს საზოგადოებაში საყრდენი. მოდი ვიპოვოთ, შეიძლება უფრო გრძელვადიანი, უფრო ნაკლებად კომფორტული, უფრო დამღლელი, მაგრამ სახელმწიფოებრივად სწორი გზა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად რეგიონებში აქციებს გეგმავს, თბილისში კი მასშტაბური აქცია 6 ნოემბერსაა დაანონსებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა