თორნიკე შარაშენიძე - მარტო აქციების გამართვა რომ შედეგს არ მოიტანს, ეს ვნახეთ - ჩიხური სიტუაციაა

პოლიტიკის ექსპერტის, თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, მხოლოდ აქციების გამართვა არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციისთვის შედეგს ვერ გამოიღებს.

როგორც თორნიკე შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, ოპოზიციამ აქციების გამართვის პარალელურად, დასავლეთთანაც უნდა იმუშაოს. ამ ბრძოლის გაგრძელების კიდევ ერთი ფაქტორი კი, მიხეილ სააკაშვილზეა დამოკიდებული, ციხეში რამდენ ხანს გაძლებს.

„აქციებს რომ შედეგი არ მოაქვს, ამას დიდი ხანია ვხედავთ. ალბათ, გეგმავენ აქციების პარალელურად დასავლეთთან მუშაობასაც და აქციები მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია. მარტო აქციების გამართვა რომ შედეგს არ მოიტანს, ჩვენ ეს ვნახეთ. დავუშვათ, ისევ იმდენივე ადამიანი შეკრიბეს, როგორც რამდენიმე დღის წინ თბილისში, მერე დაიშალნენ და ამას რეალურად არანაირი შედეგი არ მოჰყვა, სამაგიეროდ, დაიხარჯა ბევრი ფული. კიდევ რომ დაუძახონ ამ ხალხს მოდითო, ხალხი ხომ იფიქრებს რატომ მივიდეთ, როცა მხოლოდ ვიღაცებს ვუსმენთ, ტაშს ვუკრავთ და ვიშლებით?! ეს რეალურად ჩიხური სიტუაციაა. ეს კარგად იციან პოლიტიკურმა ლიდერებმა. გავიდა ის დრო, რომ პარლამენტში ან კანცელარიაში შევარდე. რომც შევარდე, მერე ამას რა მოჰყვება? ეს ხომ არ არის 2003 წელი? შესაბამისად, არიან იქ, სადაც არიან. ისიც მეეჭვება, რომ დასავლეთთან მუშაობის და აქციების გარდა კიდევ რამე გამოსავალი არსებობდეს მათთვის ამ ეტაპზე. სხვა ალბათ, არც არაფერი არსებობს, რომ არსებობდეს, ამას აქამდე გააკეთებდნენ“, - განაცხადა შარაშენიძემ.

მისივე შეფასებით, თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახდინა თავისი ამომრჩევლის მობილიზება, ეს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორით გააკეთა.

„თუმცა, როცა ამომრჩევლის 50% სახლში რჩება, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს, ეს ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ მოახერხა ვერანაირად ნეიტრალური ამომრჩევლის მიმხრობა. „ლელოს“ და სხვა პარტიების ამომრჩეველიც რომ მიიმხროს, მას მაინც არ შეუძლია „ქართული ოცნების“ დამარცხება. 2012 წელს არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვალა იმის გამო, რომ დიდი რაოდენობით ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე. შესაბამისად, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების გზით სურს „ოცნების“ დამარცხება, უნდა მიიმხროს ნეიტრალური ამომრჩეველი და მიიყვანოს არჩევნებზე. თუ ასე გააგრძელა, ვერც მოიგებს ნეიტრალური ამომრჩევლის გულს, რადგან მათ ან დასცინიან, ან აბულინგებენ, ან მორალს უკითხავენ“, - განაცხადა შარაშენიძემ.

ექსპერტის შეფასებით, 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნების დანიშვნა დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ ქცევაზე.

„ოცნებას“ იმდენი შეცდომა და სკანდალი მოსდის, 2024 წლამდე რამდენად მიაღწევს, მე ამაში დარწმუნებული არ ვარ. „ოცნების“ მთავარი პრობლემა“ მათივე მმართველობაა და არა იმდენად ოპოზიცია, რომელიც ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს. თუ ოპოზიცია მუდმივად გამოიყვანს ბევრ ხალხს ქუჩაში, დაანახებენ დასავლეთს, რომ ხალხი არ ცნობს ამ არჩევნებს, შეიძლება დასავლეთში რაღაც დაიძრას. როგორც ვხედავთ, დასავლეთმა სააკაშვილის გამო მაინცდამაინც თავი არ გამოიდო და ეს არც იყო გასაკვირი მას შემდეგ, რაც მიშა შეხვდა ევროპარლამენტარებს, კონგრესმენებს და მათი მოწოდების მიუხედავად, რომ საქართველოში არ ჩამოსულიყო, მაინც ჩამოვიდა. ახლა სიტუაცია შეიძლება შემობრუნდეს, თუ ბევრი ხალხი იქნება სულ ქუჩაში, მაგრამ ეს მეეჭვება. ხალხშია ნიჰილიზმია გაჩენილი. დაიღალა ხალხი ქუჩაში გამოყვანით და მერე დაშლით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მიშა ციხეში კიდევ რამდენ ხანს გაძლებს. თუ კიდევ იქნება ვაჟკაცურად, მაშინ კიდევ შეიძლება ბრძოლაზე ფიქრი“, - განაცხადა შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია
Samsung-მა უახლესი Galaxy S23 სერია წარადგინა
GM PHARMA-ს ხარისხის კონტროლისა და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების აღიარება
„ბიზნეს დიალოგი“ – „ლიბერთის“ ინიციატივა რეგიონებში
Mastercard, USAID და საქართველოს ფინტექ ასოციაცია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის Tap on Phone პროექტს წარადგენენ
თბილისში „სიმეტრიას“ მიერ განვითარებული საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო - Holiday Inn Express Tbilisi Avlabari გაიხსნა
იოსებ კეჭაყმაძის საკომპოზიტორო შემოქმედება და ფონდი „ქართული გალობა“
ექსპერტიზის ბიურო მომსახურების განახლებულ ტარიფებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს