ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციას და ამ აქციებს დამხმარე თოკის სახით დასავლური მხარდაჭერა არ ექნება - ოპოზიციამ თავი უნდა დაანებოს ახალი რეალობის შექმნას და საზოგადოებისთვის ამ რეალობის თავზე მოხვევას

ოპოზიციას და ამ აქციებს დამხმარე თოკის სახით დასავლური მხარდაჭერა არ ექნება - ოპოზიციამ თავი უნდა დაანებოს ახალი რეალობის შექმნას და საზოგადოებისთვის ამ რეალობის თავზე მოხვევას,- ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ ოპოზიციის ნაწილის მიერ 6 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ძაბირაძემ აღნიშნა, ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამართული აქციების გამოცდილება უნდა გაითვალისწინოს და დასკვნა გააკეთოს, რას იძლევა პერმანენტული აქციები და აისახება თუ არა ის საზოგადოების განწყობაზე. ამასთან, ძაბირაძის განცხადებით, არ ჰგონია, რომ აქციებს შედეგი მოჰყვება.

„ოპოზიციას წესით და რიგით აქვს აქციებთან დაკავშირებით გამოცდილება, რა გაკეთდა და როგორ. სხვის გამოცდილებაზე კი არ ვსაუბრობთ, რომ ისტორიული გამოცდილება არსებობს და ის გაითვალისწინონ, არამედ საკუთარი გამოცდილება ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული დღემდე. რა შედეგი ჰქონდა ამას? აქ იმაზე არაა საუბარი, რაზე წავიდა ხელისუფლება ან რაზე - არა. აისახა მთელი ეს აქციები ნოემბრიდან მოყოლებული ადგილობრივი არჩევნების ჩათვლით ელექტორალურად? პროცენტებზე ვსაუბრობ. ეს ხომ უნდა შეადარო? რაიმე ახლებური განწყობა შეიქმნა? მცირე პარტიებთან გასაგებია - მათი შედეგები ვნახეთ, ელექტორალური მხარდაჭერა ყველას მინიმუმ გაუნახევრდა. აქედან გამომდინარე, დასკვნა ხომ უნდა გააკეთონ, რას იძლევა ეს პერმანენტული აქციები, როგორ აისახება ის საზოგადოების განწყობაზე. თუ არ აისახება, მაშინ ამას რა აზრი აქვს? „ნაციონალურ მოძრაობას“ დაახლოებით 500 ათასი მხარდამჭერი სულ ჰყავდა. სხვა რა დაემატათ? იმის თქმა მინდა, რომ კი, ბატონო, აქციები გასაგებია, 30 წელია აქციებით ვცხოვრობთ, მაგრამ ამ აქციებს შედეგი ხან მოაქვს, ხან - არა. 2003-ში და 2012-ში შედეგი მოიტანა, რატომ მოიტანა პირველ და მეორე შემთხვევაში შედეგი და რატომ აღმოჩნდა, რომ ნოემბრის აქციებმა შედეგი არ მოიტანა? ეს ხომ ოპოზიციაში ვიღაცამ უნდა დაალაგოს, ვისაც ანალიტიკოსი ჰქვია. საზოგადოებაში აქციების მოთხოვნა არის? ან დღეს საზოგადოების ნაწილს „ქართული ოცნება“ რომ არ მოსწონს, გასაგებია, მაგრამ იგივე გვესმის „ნაციონალურ მოძრაობაზე“. როდესაც ეს ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთთან დაპირისპირებულია, იმარჯვებს ის, ვისაც მეტი ბერკეტი აქვს. მეტი ბერკეტი კი ხელისუფლებას აქვს. წინა ორ შემთხვევაში, 2003 და 2012 წლებში, პრობლემა იყო არა ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება, არამედ მისი ორგანიზება და სწორი მიმართულებით წაყვანა. 2003-ში ეს შეძლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მოვიდა ხელისუფლებაში, 2012-ში „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და ხელისუფლებაში მოვიდა.

დღეს სწორი გადაწყვეტილებაა, თუ აქციაზე მიდიხარ. ასევე ის, რომ თვითმმართველ ქალაქებში შეისწავლო დამოკიდებულება და იქ გააქტიურო ამომრჩეველი. შემდეგ იყოს აქცია თბილისში. პარალელურად საპარლამენტო ცხოვრებაში აქტიურობა იქნება, შესაძლოა, პარლამენტიც დატოვონ, არის ასეთი იდეები. მაგრამ ყველა ამ იდეას განხილვა და პროგნოზირება უნდა.

დამხმარე თოკის სახით დასავლური მხარდაჭერა ოპოზიციას და ამ აქციებს არ ექნება. ასეთ შემთხვევაში რისი იმედი უნდა ჰქონდეთ? ოპოზიციამ უნდა იმუშაოს და ეს სწორია, მაგრამ მათ მარათონი სჭირდებათ. საკუთარი ადამიანური და ფინანსური რესურსები მარათონზე უნდა გათვალოს. კორექტირება შეიტანოს საქმიანობაში იმის მიხედვით, როგორ იცვლება საზოგადოების განწყობა. ოპოზიციამ თავი უნდა დაანებოს ახალი რეალობის შექმნას და საზოგადოებისთვის ამ რეალობის თავზე მოხვევას. პირიქით - არსებული რეალობიდან გამომდინარე უნდა გააკეთოს თავისი გათვლები. ჩვენთან ყველაფერი პირიქით კეთდება. ამიტომ, რომ გითხრათ, რომ ამ აქციებს შედეგი მოჰყვება, იმედი არ მაქვს. გასაგებია, რომ ამას სააკაშვილის შიმშილობა დაემატება, მაგრამ ხელისუფლება ამას მოაგვარებს. სწორია თითქოს ეს ყველაფერი, მაგრამ თუ სიღრმეში ჩახედავ, მაშინ პრობლემები იქნება. საბოლოოდ რომ ამით რიგგარეშე არჩევნებს მიაღწიონ, არ მგონია, ეს შეძლონ“,- განაცხადა ძაბირაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა