პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარეს და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მიხეილ სააკაშვილის საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარეს და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მიხეილ სააკაშვილის საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

როგორც მანჯგალაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სააკაშვილთან შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ მის ჰოლანდიელ ექიმს, ადვოკატს და ასევე ალტერნატიული კონსილიუმის წევრ ექიმებს.

„მესმის, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ვერასდროს შევთანხმდებით არჩევნებთან დაკავშირებით, აქ არ ვაპირებ დისკუსიის გახსნას, რადგან არ მინდა ჩაიკარგოს ის საკითხი, რომელიც პარტიული კუთვნილების საკითხს სცდება. ახლა ვესაუბრე სააკაშვილის ადვოკატს, რომელსაც არ ეძლეოდა ციხეში შესვლის შესაძლებლობა. ასევე, მასთან ვერ შედიან ალტერნატიული კონსილიუმის ჯგუფის ექიმები. ასევე შესვლის შესაძლებლობა არ აქვს ოჯახის ჰოლანდიელ ექიმს და არ გადაჰყავთ სამოქალაქო კლინიკაში. ხვალაც რომ გამოვიდეს სააკაშვილი, შეიძლება მისი ოპონენტი ვიყო, ამიტომ პარტიული კუთვნილების გარეშე ვკითხულობ, ეს საკითხები ხომ ცდება ყველანაირ პარტიულ კუთვნილებას? პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართავ - რა პრობლემაა ამ ოთხ საკითხთან დაკავშირებით? ადამიანი, რომელიც თვეზე მეტია შიმშილობს, ჩვენი ვალდებულებაა, რომ რეაგირება მოვახდინოთ ამ ყველაფერზე. როგორც პარლამენტის წევრს, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია რა ხდება“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ და მოგვიანებით დასძინა, „ექიმები როგორც ამბობენ, მდგომარეობა არის მძიმე და ტექნიკური პრობლემების გამო არ დავდგეთ ფატალური შემთხვევის წინაშე“.

მანჯგალაძის ამ განცხადებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ მისი კითხვის სწორი ადრესატი იუსტიციის სამინისტრო იქნებოდა. ამასთან, აღნიშნა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ვის უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან და ვის არა.

„ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია ვის უშვებენ და ვის არა. მე ვიცი, რომ აქვთ კომუნიკაცია. გავერკვევით ამ საკითხში და მოგაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

თავის მხრივ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ მანჯგალაძის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ როცა კონკრეტული პირების ციხეში შესვლას ეხება საქმე, შესაძლოა, ტექნიკური პრობლემა იყოს და მას უარი ეთქვას, რადგან სააკაშვილთან ვიზიტი სხვა პირს ჰქონდეს.

„რაც შეეხება ალტერნატიული კონსილიუმის საკითხს, ამაზე საფიქრალია. უწყებათაშორისი ჯგუფი მუშაობს და თუ გექნებათ სურვილი თქვენი მონაწილეობის შესაძლებლობაც იქნება ჯგუფის მუშაობაში. უწყვეტ რეჟიმში გექნებათ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა“, - მიმართა სარჯველაძემ პაატა მანჯგალაძეს. რაზეც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს