საია - იუსტიციის საბჭოში ვადაზე ადრე ორი ახალი წევრის დანიშვნას „კლანური“ მმართველობის მორიგ მანიპულაციად მივიჩნევთ

საია მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის საბჭოში ვადაზე ადრე ორი ახალი წევრის დანიშვნას კლანური მმართველობის მორიგ მანიპულაციად მიიჩნევს.

მათი განმარტებით, 27 ოქტომბერს გამოქვეყნებული დღის წესრიგიდან ცნობილი გახდა, რომ 31 ოქტომბერს ჩანიშნული მოსამართლეთა XXX კონფერენცია, სხვა საკითხებთან ერთად, იუსტიციის საბჭოს ახალი მოსამართლე წევრის/წევრების არჩევას ითვალისწინებდა, თუმცა საბჭოს არც ერთ მოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა ამ დროისთვის არ ეწურებოდა.

„მხოლოდ კონფერენციის დღეს გახდა ცნობილი, რომ საბჭოს წევრებმა თამარ ონიანმა და თეა ლეონიძემ პირადი განცხადებით მიმართეს ადმინისტრაციულ კომიტეტს და ვადაზე ადრე მოითხოვეს საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა. პირველს თამარ ონიანს უფლებამოსილება 2022 წლის მარტში, ხოლო მეორეს 2024 წლის ოქტომბერში ეწურებოდა. კონფერენციაზე ორი ქალი მოსამართლე წევრის ვაკანსიაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების - პაატა სილაგაძისა და გიორგი გოგინაშვილის კანდიდატურები დასახელდა. კონკურენცია არც ამჯერად ყოფილა, ასევე კანდიდატებს არ წარმოუდგენიათ თავიანთი ხედვები მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან, მიღწევებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, კენჭისყრაში მონაწილე 263 მოსამართლიდან პაატა სილაგაძეს ხმა მისცა 257-მა, გიორგი გოგინაშვილს - 253 მოსამართლემ. მნიშვნელოვანია, რომ პაატა სილაგაძე უკვე იყო საბჭოს წევრი. იგი ასევე იყო იმ 10- კაციან სიაში, რომელიც საბჭოს მდივანმა ყოველგვარი პროცედურის გარეშე წარუდგინა პარლამენტს და მერეც, არაერთხელ მოხდა მისი ნომინირება უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, თუმცა საბოლოოდ მას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა“,- ნათქვამია საიას განცხადებაში.

მათი შეფასებით, 31 ოქტომბერს კონფერენციის დანიშვნა, გაგრძელებაა იმ მანიპულაციური პოლიტიკისა, რაც კონფერენციის არჩევნების დღესთან ახლოს დანიშვნაში გამოიხატება, როცა საზოგადოების ყურადღება სხვა საკითხებზე მეტად არის მიპყრობილი.

„საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევის პროცესზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ამ უწყებაში მოხვედრის შესაძლებლობა, როგორც წესი, მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლებს ან მათ მიერ ნდობით აღჭურვილ პირებს აქვთ. გავლენიანი ჯგუფი სტრატეგიულ, მნიშვნელოვან თანამდებობებზე მისთვის მისაღებ, ლოიალურად განწყობილი მოსამართლეებს ნიშნავს, რაც ხელს უწყობს ისედაც ფესვგადგმული არაფორმალური იერარქიის კიდევ უფრო განმტკიცებას. ამ ფონზე კიდევ უფრო მკაფიო ხდება არსებითი და გადამწვეტი რეფორმების გატარება სასამართლო სისტემაში, რომელიც აღმოფხვრის კლანურ მმართველობას და მართლმსაჯულებას ქართულ საზოგადოებას დაუბრუნებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო