თაკო ჩარკვიანი - მიხეილ სააკაშვილს  ძალიან სხარტი და ფხიზელი გონება აქვს, მაგრამ წონაში ძალიან დაკლებულია

ძალიან სხარტი და ფხიზელი გონება აქვს მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ როგორც კი შეხედავთ მიხვდებით, რომ ძალიან დაკლებულია ეს ადამიანი წონაში, საგრძნობლად,- ამის შესახებ დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებს რუსთავის ციხესთან განუცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის სანახავად იმყოფებოდა.

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტმა და მან შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრეს.

“ძალიან საინტერესო იყო საუბარი, ბევრ რაღაცაზე ვისაუბრეთ, წარსულზე, დღევანდელზე, აბსოლუტურად ყველაფერზე. რაღაცები გავიხსენეთ. მე ვიცი ეს რა ტიპის ლიდერია, ამიტომ მისთვის არასდროს მითქვამს, რომ არ იშიმშილო ან რაღაც, იმიტომ, რომ აბსოლუტურად იმ მასშტაბის ლიდერია, როგორც გვინახავს ისტორიულად იდეალისტი ლიდერები”, - აცხადებს ჩარკვიანი და განმარტავს, რომ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა მას ამ მოთხოვნაზე არაფერი უპასუხა.

“უბრალოდ, არ არის იმ ტიპის ადამიანი, რომ ასე მიპასუხოს, მაგრამ ამის ირგვლივ ვისაუბრეთ”, - აცხადებს ჩარკვიანი.

ამასთან, მან უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა მამუკა ხაზარაძის მსგავსად დატოვოს პარლამენტის მანდატი, ჩარკვიანის თქმით, მანდატის დატოვება ბრძოლის სწორი ფორმაა, რაც სააკაშვილმა ხაზარაძეს მოუწონა.

“მანდატი, რომელიც ციხეში შესასვლელად, ან დიპლომატებთან საურთიერთოდ გჭირდება, აქ, ალბათ კონსულტაცია საჭიროა. მე პირადად, არც განვიხილავ ამ თემას. ჩემთვის ეს მანდატი იმ დღიდან არ არსებობს, როდესაც ვიცი, რომ გაყალბებულ პარლამენტში შევპროწიალდით. მართალია, ყველაზე გვიან შევედი მე, იმიტომ რომ ბოიკოტს უკვე აზრი აღარ ჰქონდა. ჩემი აზრი იყო და ახლაც ამ აზრზე ვარ, რომ ერთპარტიული სისტემის დროს ყველაზე შეწუხებული იყო “ქართული ოცნება”. ჩვენ, რომ ეს ბოლომდე მიგვეყვანა, ამათი ბუნდღა არ იქნებოდა”, - აცხადებს ჩარკვიანი და აღნიშნავს, რომ ზოგადად, მანდატის დატოვების საკითხს ოპოზიცია ერთად გადაწყვეტს.

“სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმებულია, ჰაბიტუსით მიხვდებით, რომ დასუსტებულია ადამიანი. მარტო ფიზიკურად, წონით არა, იგრძნობთ, რომ სუსტად არის. ვღელავდი მთელი დღე. ეს არის მისი ხასიათი, მისი პოლიტიკური ტემპერატურა, ლიდერის პოლიტიკური ენერგეტიკა, რომ არცერთი წამით არ ჩერდება, მუშაობს ისე, როგორც ლიდერი და პრეზიდენტი. მისი ფიზიკური მდგომარეობა ექიმებმა უნდა შეაფასონ,მაგრამ ერთი შეხედვით, არა მხოლოდ წონაში მოკლებული ადამიანია”, - აცხადებს ჩარკვიანი.

ამასთან, მან მიმართა “ქართულ ოცნებას”.

“ვიცი, რომ არც კოლეგის და არავის აზრს ითვალისწინებენ, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით გეტყვით - არ ხართ კარგ დღეში, ბატონებო. ცუდ მდგომარეობაში ხართ, იფიქრეთ, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობა არ შეირყეს”, - განაცხადა ჩარკვიანმა და დასძინა, რომ სააკაშვილი რუსეთის პატიმარია.

მან ოპოზიციასაც მიმართა და კიდევ ერთხელ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა