„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი დაიწყო

1-ელ ნოემბერს, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“, ერთობლივი ლიტერატურული კონკურსის ფინალისტი 15 სტუდენტი, ტუტორებთან ერთად, თელავში გაემგზავრა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მათ, პროექტის პირველ ეტაპზე, მხატვრული წერისა და წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით, ლექციების სერია ჩაუტარდება.

სტუდენტებს ლექციებს სასტუმრო „შუხმანში“ (Schuchmann Wines Chateau), არჩილ ქიქოძე, ნესტან ნენე კვინიკაძე, ზვიად კვარაცხელია, ივა ფეზუაშვილი, დიანა ანფიმიადი და მაია ალუდაური ჩაუტარებენ.

„ პირველი ლექცია უკვე ჩაატარა ნესტან ნენე კვინიკაძემ, რომელიც კონკურსანტებს იმაზე ესაუბრა, თუ რატომ გვჯერა მხატვრული ლიტერატურის. ივა ფეზუაშვილი ინსპირაციის მოძებნაზე ისაუბრებს, არჩილ ქიქოძის პირველი თემაა თუ რატომ ვწერთ და სად ვეძებოთ შთაგონება, მაია ალუდაური წიგნის გამოსაცემად მომზადებაზე ილაპარაკებს, ხოლო ზვიად კვარაცხელია სადებიუტო წიგნის ანატომიას მიმოიხილავს.

შემდგომი დღეების თემებია რედაქტორის პროფესია, ამბის დრამატურგია, პროტაგონისტის შერჩევა, სტილის გავლენა და პლაგიატი, კრიტიკის გავლენა ლიტერატურაზე, ნაწარმოების დასაწყისი და ფინალი და სხვა“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კურსის დასრულების შემდეგ, პროექტის მონაწილე სტუდენტებმა, ორი კვირის განმავლობაში, ახალი მოთხრობა უნდა დაწერონ. ყველა მოთხრობას ერთ კრებულად გამომცემლობა „პალიტრა L“ გამოსცემს, ხოლო, ნოემბრის ბოლოს, სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორს, გადაეცემა ფულადი ჯილდო (პირველადგილოსანს - 1000, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულებს - 800 და 500 ლარი). ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და „საქართველოს ბანკის“ სტუდენტური ბარათი, საკუთარ რჩეულებს დაასახელებენ.

კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის შემოტანა შეეძლო საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი ან/და პროფესიული სასწავლებლების მოქმედ სტუდენტებს.

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“.

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს