ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის პლენარულ სხდომებში მონაწილეობას წყვეტს

საპარლამენტო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში მონაწილეობას წყვეტს.ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ფრაქციის ეს გადაწყვეტილება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხს უკავშირდება და იქამდე არ აღადგენენ საპარლამენტო მუშაობას, სანამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ადეკვატურად არ იქნება დაცული.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დღეს არის 33-ე დღე, რაც საპატიმროში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენი სახელმწიფოს წინაშე დგას. ისტორიას არ რჩება დეტალები, არავის ემახსოვრება რა ბრალდებებით არის დღეს დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ჩვენს ძალიან რთულ პოლიტიკურ ისტორიას, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ისტორიას შავ ფურცლად დარჩება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესება და საფრთხე, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება.

მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და მისი სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა, დღეს არის მთავარი ვალდებულება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების და შესაბამისად, ჩვენთვის არის უკიდურესად შემაშფოთებელი ის დამოკიდებულება, რასაც დღეს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით ავლენს. მერწმუნეთ, რომ ჩვენს ისტორიას აქვს მძიმე გამოცდილება და ჩვენს ქვეყანას უბრალოდ არ აქვს რესურსი გადაიტანოს კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს და იმ ადამიანს, რომელმაც ძალიან უთანასწორო ბრძოლა გამოუცხადა რუსეთს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, ჩვენი დასავლური მომავლის უზრუნველყოფის მიზნით.

ამიტომ, ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციითა და რეგლამენტით ჩვენთვის მონიჭებულ უფლებას და ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში, სანამ სახელმწიფო და ხელისუფლება არ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ადეკვატურ დაცვას და არ გაანეიტრალებს ყველა საფრთხეს, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მის სიცოცხლეს. ფრაქციამ ოფიციალურად მიმართა დღეს პარლამენტს. მსურს, რომ ხელისუფლებამ, ისევე როგორც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა მიიღონ ჩვენი პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ განაცხადი, როგორც ძალიან სერიოზული გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა შედის სერიოზულ კრიზისში და მოითხოვს შესაბამის რეაგირებას როგორც ხელისუფლების, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, როგორც ბრიფინგზე ითქვა, ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტის სხდომების ბოიკოტის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა