გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახმა პროკურატურას საქმის მოსამართლის, გოგა კუპრეიშვილის აცილების მოთხოვნით მიმართა

2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახმა პროკურატურას საქმის მოსამართლის, გოგა კუპრეიშვილის აცილების მოთხოვნით მიმართა.

როგორც გარდაცვლილის რძალი, ნინო გულიაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, გუშინ გამართულ სასამართლო სხდომაზე, სადაც ბრალდებისა და დაცვის მხარემ ნაფიც მსაჯულებს საქმის არსი გააცნო, მოსამართლე ბრალდების მხარის მიმართ არაეთიკურად იქცეოდა და ირონიული იყო.

მისივე მტკიცებით, მოსამართლე ბრალდებულის მიმართ „პატივისცემით იყო განმსჭვალული“.

“გუშინდელი სხდომის საფუძველზე, დღეს მივმართე პროკურატურას და საჩივარი დავწერე მოსამართლე გოგა კუპრეიშვილის წინააღმდეგ. გუშინ, სასამართლო სხდომაზე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ადგილი აქვს მიკერძოებას. მთელი სხდომის განმავლობაში, მოსამართლის მხრიდან ირონიის გამოვლენას ჰქონდა ადგილი. ბრალდებას, რაც იქ მყოფი ოჯახის წევრებისთვის უდიდესი ტრაგედიაა, ღიმილით არ უნდა კითხულობდე. მოსამართლე მთელი სხდომის განმავლობაში ირონიული იყო. გამიკვირდა, რომ ამ ყველაფერს არ მალავდა, პირდაპირ აწვდიდა ნაფიც მსაჯულებს ისეთ მესიჯებს, რომ პატივისცემით იყო განმსჭვალული ბრალდებულის მიმართ. ძალიან ბევრ შენიშვნას აძლევდა ბრალდების მხარეს.

დღეს ერთი განცხადება შევიტანე დამოუკიდებელი ექსპერტის სახელზე, მეორე განცხადებას გორის რაიონულ სასამართლოში შევიტან, რომ განიხილონ საქმე და გამოძიება დაიწყოს, თუ რა ინტერესები აქვს, არის თუ არა ეს მიკერძოება?“- აღნიშნავს ნინო გულიაშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ გუშინ, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას მოსამართლემ გარდაცვლილის დედას უხეშად მიმართა.

„გუშინ დაიკითხა მიცვალებულის დედა. აქაც ძალიან დიდი უპატივცემულობა გამოიჩინა მოსამართლემ. როდესაც მიცვალებულის დედა სხდომათა დარბაზში შემოვიდა დასაკითხად, აღელვებული იყო, არ შემოუტანია სათვალე. როდესაც მიმართა მოსამართლემ, რომ ფიცი წაეკითხა, ძალიან მორიდებით და მოწიწებით უთხრა, რომ სათვალის გარეშე ვერ წაიკითხავდა, რაზეც ძალიან უხეშად უპასუხა მოსამართლემ, რომ რამენაირად მოეხერხებინა და წაეკითხა, ძალიან უხეშად მიმართა, თვითონ წაუკითხა და ჰკითხა, იყო თუ არა თანახმა“,- აღნიშნავს გულიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და ძალადობისთვის აქვს წარდგენილი.

ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. მერაბ კობიაშვილი გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების გარეშეა დატოვებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა