გიორგი კანდელაკი - მივმართავ ხელისუფლებას განმარტოს, რა გახდა რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ლუბოვ სობოლისთვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის მიზეზი

მივმართავ ხელისუფლებას განმარტოს, რა გახდა რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ლუბოვ სობოლისთვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის მიზეზი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა საქართველოს ხელისუფლება ხელგაშლილი ხვდება პუტინის პროპაგანდისტებს, სერგეი გავრილოვს, ვლადიმერ პოზნერს და ამ ყველაფრის ფონზე, შემოსვლა ეკრძალება რუსეთის დემოკრატიულ ოპოზიციას, დასტურია იმისა, რომ საქართველოს გადაქცევა რუსეთის ფედერაციის სატელიტად უკვე შემდგარი ფაქტია.

„საზოგადოებას მოეხსენება, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერმა და ალექსეი ნავალნის მოძრაობაში ფაქტობრივად წონით მეორე ფიგურამ, ლუბოვ სობოლმა განაცხადა, რომ რამდენიმე თვის წინ იგი არ შემოუშვეს საქართველოს ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში ძირითადი ყურადღება არჩევნებისკენ იყო მიმართული, ეს იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა და პოლიტიკური განაცხადია, რომ ამ მოვლენამ უკვე მიიპყრო საქართველოს მხარდამჭერების ყურადღება.

ლუბოვ სობოლი, როგორც უკვე ვთქვი არის რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის ნომერ მეორე ფიგურა, დაპატიმრებული ალექსეი ნავალნის შემდეგ და მისი პოლიტიკური კალიბრიდან გამომდინარე თეორიულადაც გამორიცხულია, რომ რაიმე შეცდომასთან გვქონდეს საქმე. მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება ხელგაშლილი ხვდება პუტინის პროპაგანდისტებს, იგივე გავრილოვს, რომელიც აფხაზეთის ომში მონაწილეობდა 1992-1993 წლებში, ასევე როცა აქ ჩამოდის დაბადების დღის აღსანიშნავად კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ბატონი პოზნერი სხვა ფიგურებთან ერთად, მაგალითად, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ დირექტორთან და სპუტნიკის დირექტორის მოადგილესთან ერთად, ამ ყველაფრის ფონზე, როცა შემოსვლა ეკრძალება რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციისა და მე მწამს, რომ მომავალი მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურას, ეს დასტური იმისა, რომ საქართველოს გადაქცევა რუსეთის ფედერაციის სატელიტად უკვე შემდგარი ფაქტია“, - აღნიშნავს გიორგი კანდელაკი.

გიორგი კანდელაკი, მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და მოუწოდებს გააკეთონ განმარტება, იმასთან დაკავშირებით თუ რატომ აეკრძალა ალექსეი ნავალნის მოძრაობის და რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ფიგურას, ლუბოვ სობოლს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა.

„როგორც ვთქვი, ამ მოვლენამ უკვე მიიქცია საქართველოს მეგობრების ყურადღება, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ამის გამართლება და ახსნა. სხვათაშორის, ქალბატონ სობოლს გააჩნია მუდმივი ბინადრობის მოწმობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორის, ესტონეთის ტერიტორიაზე ანუ ესტონეთისთვის იგი მისაღებია და როგორც ჩანს საქართველოსთვის მიუღებელი.

მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობას, გააკეთონ განმარტება იმასთან დაკავშირებით თუ რატომ იქნა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და რატომ აეკრძალა ალექსეი ნავალნის მოძრაობის და რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ფიგურას, ლუბოვ სობოლს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა