მამუკა გამყრელიძე - პარლამენტში დარჩენა ნიშნავს სააკაშვილის პოლიტიკურ ბრძოლაში მარტო დატოვებას

იმ მოცემულობაში, რაც შეიქმნა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პროცესის გააქტიურების ერთადერთ შესაძლებლობად რჩება ოპოზიციურმა დეპუტაციამ დატოვოს პარლამენტი, რაც ხელისუფლებას გახდის იძულებულს დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში დარჩენა იქნება „მაშველი რგოლი“ ხელისუფლებისთვის, პოლიტიკური აქტივობა გადაიყვანოს მდორე პროცესში და როგორმე მივიდეს 2024 წლის არჩევნებამდე.

გამყრელიძე ასეევ აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესი არის გასაყარზე და პარლამენტის ბოიკოტირება არის ერთადერთი შესაძლებლობა, რაც დარჩა ოპოზიციას არჩევნების შემდეგ.

„მაშინ როცა ხელისუფლება ადგილობრივ დონეზეც კი არ გიტოვებს შესაძლებლობას, შეცვალო სიტუაცია, მაქსიმალურად უნდა გამოიყენო ყველა ის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რაც გაქვს ხელში. როგორც გამოჩნდა, მხოლოდ ქუჩის აქციები არ არის შედეგის მომტანი. რევოლუციური სცენარი არც განიხილება. საპროტესტო აქციები არის დამხმარე პოლიტიკური ინსტრუმენტი პროცესის აქტივაციისთვის. პარლამენტიდან გასვლამ, შესაძლოა, დაშალოს პარლამენტი, რაც აიძულებს ხელისუფლებას წავიდეს ვადამდელ არჩევნებზე.

შარლ მიშელის დოკუმენტის დროს მე მომხრე ვიყავი, რომ ოპოზიცია შესულიყო პარლამენტში. არსებულ ეკლექტურ ოპოზიციაში შეუძლებლად მიმაჩნდა ბოიკოტზე ერთიანობის შენარჩუნება და ასეც მოხდა. ამას გარდა, დასავლეთი დაჟინებული ითხოვდა პოლიტიკური კრიზისის დასრულებას და ამისთვის მართლა უპრეცენდენტო ნაბიჯებიც გადადგეს.

ოპოზიციამ მოახერხა დასავლეთის განაწყენებაც და საკუთარი უპრინციპობის ჩვენებაც. ახლა პირიქით, დადგა დრო ოპოზიციურმა დეპუტაციამ დატოვოს პარლამენტი, რადგან არსებული პოლიტიკური სიტუაცია სწორედ გააქტიურებას მოითხოვს, როგორც ჩანს, ეს არის საზოგადოების დაკვეთაც. ამას გარდა, ოპოზიციის ეს ნაბიჯი გამოიწვევს ყურადღების მიქცევას დასავლეთის მხრიდან. დასავლეთი უკვე ვეღარ დაგძრახავს და გაგკიცხავს იმის გამო, რომ ოპოზიცია საპარლამენტო კრიზისს ქმნის.

ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მესამე პრეზიდენტის პატიმრობა და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის ლეტალური დასრულების შემთხვევაში ეს გამოიწვევს უმძიმეს მორალურ დარტყმას ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაზე, რასაც მოჰყვება ისეთი ნიჰილიზმი, შესაძლოა არსებული ოპოზიციური პროცესი მთლიანად დამთავრდეს. მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანა პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკური პროცესის აქტივიზაციაზე, რაც მხოლოდ პარლამენტის ბოიკოტირების შემთხვევაში იქნება მიღწეული. პარლამენტში დარჩენა ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის მარტო მიტოვებას პოლიტიკურ ბრძოლაში. ყველა მიზეზი და "კონსულტაციები" არის ბლეფი. ან გინდა ხელისუფლების შეცვლა ან გინდა პარლამენტარის სავარძელში ჯდომა“, - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა