სემეკმა გაზგამანაწილებელი კომპანიების საინვესტიციო პროექტები შეითანხმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ 2022-2026 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციები შეითანხმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, ჯამში, კომპანიების მიერ 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა 123 მილიონამდე ლარს შეადგენს.

„კომპანიების მიერ სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ქსელის საიმედოობის/მდგრადობისა და ეფექტიანი ოპერირების ხელშეწყობა, უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფა, ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის მოწესრიგება და დანაკარგების შემცირება.

შპს „თბილისი ენერჯი“ 2022-2026 წლებში 32 927 455 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კომპანია უზრუნველყოფს ქ. თბილისში გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციას. მათ შორის, ახლად მიერთებულ არეალში (სოფლები: კუმისი, მუხრანთელეთი, ზემო თელეთი, ქვემო თელეთი, წალასყური, ახალწყალი) ქსელის სრულ რეაბილიტაციას.

სს „საჩხერეგაზის“ მიერ 2022-2026 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო მოცულობა 445 000 ლარს შეადგენს. კომპანია უზრუნველყოფს ქსელის საიმედოობასთან და მდგრადობასთან, ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებას, დაზიანებული და მოძველებული აქტივის შეცვლას.

შპს „დიდი დიღომის“ მიერ 2022-2026 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო მოცულობა 63 602 ლარს შეადგენს. კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში კომპანია უზრუნველყოფს დაზიანებული ან მოძველებული აქტივების ჩანაცვლებას.

შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ 2022-2026 წლებში 41 686 630 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საინვესტიციო პროექტების შესაბამისად, მოწესრიგდება აღრიცხვიანობა და აშენდება დამატებითი ახალი ინფრასტრუქტურა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ქსელს. 43 809 123 ლარს შეადგენს სს

„საქორგგაზის“ 2022-2026 წლების საინვესტიციო გეგმების მოცულობა. კომპანია უზრუნველყოფს აღრიცხვის მოწესრიგებას, მრიცხველების შეცვლასა და საცხოვრებელი ფართიდან გამოტანას, გაზსადენის მონაკვეთებზე რეაბილიტაციას. შპს „თელავგაზი“ 2022-2026 წლებში განახორციელებს 3 989 003 ლარის ინვესტიციას.

კომისიასთან შეთანხმებული პროექტების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ამორტიზებული მრიცხველების ჩანაცვლება, გაზის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესება, მომარაგების წყაროების დივერსიფიცირება“, - აღნიშნულია სემეკ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა