ხათუნა სამნიძე - თუ გზა მხოლოდ ქუჩის აქციებია, თუ კოალიციის წარმომადგენლები იტყვიან, რომ ვინც პარლამენტში აგრძელებს ბრძოლას ნაკლებად პატრიოტია, გაგვიჭირდება აქციებში მონაწილეობა - რევოლუციური გზა „რესპუბლიკელებისთვის“ მიუღებელია

თუ გზა მხოლოდ ქუჩის აქციებია, თუ კოალიციის წარმომადგენლები იტყვიან, რომ ვინც პარლამენტში აგრძელებს მუშაობას და ბრძოლას ნაკლებად პატრიოტია ან აზრი არ აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვიჭირდება ასეთ აქციებში მონაწილეობა - რევოლუციური გზა „რესპუბლიკური პარტიისთვის“ არის მიუღებელი , - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საარჩევნო შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში ხელისუფლებას მხოლოდ წინა ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიის გულშემატკივარი ვერ ცვლის და ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს საზოგადოების იმ ნაწილის გააქტიურება, რომელსაც არც „ქართული ოცნება“ სურს ხელისუფლებაში და არც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპარტიულად დაბრუნებაა მისი მიზანი.

„რა თქმა უნდა, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესაბამისად, როდესაც გვქონდა საარჩევნო პროცესი, წინასაარჩევნო პერიოდი და ახლა მეორე ტურის შემდეგ შედეგები, ბუნებრივია, რომ ამას მოჰყვებოდა პროტესტი. რა თქმა უნდა, ოპოზიციური პარტიების მხრიდან აქციების დაგეგმვა, განსაკუთრებით სხვადასხვა ქალაქებში და ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზება არის გზა, რომ გაიგოს ეს ხმა როგორც ხელისუფლებამ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებმა, მაგრამ ეს, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს ერთადერთი გზა და ჩვენ გვჭირდება ყველა მიმართულებით ბრძოლა, როგორც ქუჩაში, ასევე საკრებულოებში, პარლამენტში და საერთაშორისო პარტნიორებთან.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა სივრცის გამოყენებაზე, ერთ-ერთი ასეთი გზა არის ქუჩის აქციები. ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან მკაფიო და გასაგები გზავნილი, რა შეიძლება მოიტანოს ამ აქციებმა, ქუჩაში ყოფნამ და აქტიურობამ ჩვენი საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის. მე ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში პოლიტიკურმა პროცესმა აჩვენა, რომ ჩვენი საზოგადოების ძირითადი ნაწილი ცდილობს, რომ საკუთარი ხმა ბიულეტენით გაგვაგონოს. ის აქტიურია უფრო მეტად საარჩევნო ყუთთან ვიდრე ქუჩაში. ჩვენ ვნახეთ, ასევე, საარჩევნო შედეგებით, რომ ამ ქვეყანაში ვერ ცვლის ხელისუფლებას მხოლოდ წინა ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიის გულშემატკივარი და ჩვენ უნდა გავააქტიუროთ და ჩვენი გზავნილი მივიტანოთ ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც თვლის, რომ არც ეს პოლიტიკური პარტია უნდა იყოს ხელისუფლებაში და არც „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებაა ერთპარტიულად მისი მიზანი.

როგორც ჩანს, ჩვენ ამ არჩევნების წინ ვერ დავარწმუნეთ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, რომ კოალიცია იყო არჩევანი თუ 5 ნომერს შემოხაზავდნენ და არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, ამისთვის არ გვეყო დრო. თუ ეს ადამიანები არ გააქტიურდნენ და ისინი არ გააქტიურდებიან რევოლუციის მოწოდებით, მაშინ ხელისუფლება ვერ შეიცვლება. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, ეს მოსახლეობა არ გააქტიურდება. არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება ცალსახად“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო