ნათია მეზვრიშვილი - სულ რომ სანქციებამდე მივიდეს საქმე, „ოცნება“ კომპრომისს არ დაუშვებს - აღარ აინტერესებს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები, საზოგადოებას ეუბნება, რომ თავისუფალი სასამართლო არ გვჭირდება

ამ აქციების მიზანი რა არის, დღემდე ვერ გავიგე - თუ პროტესტია, გრძელვადიანში შედეგიანი ვერ იქნება. თუ პროტესტი არ არის, მაშინ მეორე გზა რჩება, რომ შენ აპირებ ხელისუფლების ცვლილებას სხვა გზებით და ეს გზა არის დაპირისპირება, ძალადობრივი, ინსტიტუტის შტურმის აღების მცდელობა და ა.შ. - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, როგორიც არ უნდა იყოს ხელისუფლება, არადემოკრატიული გზით მისი შეცვლა მიუღებელია.

„ამ აქციების მიზანი რა არის? არაერთგვაროვანი განცხადებები გვესმის, რომ ჩვენ გვინდა რევოლუციური გზით ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ მშვიდობიანი რევოლუციით. მეორე ნაწილი აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც პირველ ნაწილთან წინააღმდეგობაში მოდის. როგორც საქართველოს მოქალაქემ, ამ აქციის მიზანი რა არის, დღემდე ვერ გავიგე. თუ პროტესტია, გრძელვადიანში შედეგიანი ვერ იქნება, თუ პროტესტი არ არის, მაშინ მეორე გზა რჩება, რომ შენ აპირებ ხელისუფლების ცვლილებას სხვა გზებით და ეს გზა არის დაპირისპირება, ძალადობრივი, ინსტიტუტის შტურმის აღების მცდელობა და ა.შ. რაც არ უნდა ცუდი ხელისუფლება გვყავდეს, მიუღებელია არადემოკრატიული გზებით ხელისუფლების ცვლილების მცდელობა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე შეფასებით, ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამოყენებული უნდა იყოს ერთპიროვნული მმართველობის დასრულებისთვის.

მეზვრიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, რომ მანდატების დატოვების მაგივრად, სწორედ ამაზე იყოს აქცენტი გაკეთებული.

„ქვეყანაში არის ერთპიროვნული მმართველობა. თვითმმართველობის არჩევნებმა, მიუხედავად სისტემური გაყალბების, ზეწოლის, მუქარის, მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ამის მოშლა, მორღვევა დავიწყოთ ადგილობრივი თვითმმართველობის დონზე და მე მოვუწოდებდი ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ ნაცვლად იმისა მანდატები დატოვონ, პარლამენტიდან გავიდნენ და საკრებულოს დატოვებაზე იფიქრონ, იფიქრონ იმაზე, რომ ამ შედეგებზე დაყრდნობით, დავკავდეთ იმით, რომ ერთპიროვნული მმართველობის დასრულება მუნიციპალური დონიდან მაინც დავიწყოთ.

ის, რომ პროცესები დღეს ქუჩაშია გადასული 9 წლის შემდეგაც, ეს ყველაფერი პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რომელმაც მოახერხა და „ნაცმოძრაობა“ გააცოცხლა. ამ არჩევნების შედეგებსაც, რომ გადავხედოთ, „ნაცმოძრაობა“ მნიშვნელოვანი დოზით დააბრუნა. „ქართული ოცნების“ არცერთი წარმომადგენელი არ გამოსულა და ამაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ვიღაც ხომ უნდა გამოვიდეს და საზოგადოებას პასუხი გასცეს, რატომ ხდება ქუჩაში ის, რაც ხდება“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

გარდა ოპოზიციის აქციებისა, მეზვრიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორი მოსამართლე წევრის არჩევას და ამ პროცესთან დაკავშირებით ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოების კრიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები და შეფასებები.

როგორც მეზვრიშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საქმე შესაძლოა სანქციების დაწესებამდე მივიდეს, მმართველი პოლიტიკური ძალა რაიმე დათმობაზე არ წავა.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ხელისუფლების შესანარჩუნებლად სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემას იყენებს.

„ხელისუფლებას აღარ აინტერესებს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები. ის განცხადებები, რაც ჩვენ ევროკავშირის და აშშ-სგან ვიხილეთ, იყო შეშფოთებაზე მეტი. ეს არის დემოკრატიული გზიდან გადახვევა, რადგან თავისუფალი სასამართლო არის ფუნდამენტი და დღეს „ოცნება“ საზოგადოებას ეუბნება, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო არ გვჭირდება. ეს უთხრა მაშინ, როდესაც 19 აპრილის შეთანხმება დაარღვია, ეს უთხრა მაშინ, როდესაც ქვეყანამ ევროკავშირის დახმარება ვერ მიიღო. რეკომენდაციების მიუხედავად, უტიფრად გააგრძელა მოსამართლეების დანიშვნა და გავლენების ჯგუფების გაძლიერება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. როდესაც პოლიტიკური რესურსისგან ხელისუფლება დაცლილია, მას რჩება ერთადერთი ბერკეტი, რომ ინსტიტუტების, ძალოვანი უწყებების და მართლმსაჯულების ორგანოების გამოყენებით „მართოს“ ქვეყანა. ზეწოლის და იძულების მეთოდები გამოიყენოს, რომ პოლიტიკური რესურსი შეინარჩუნოს და ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს. სულ, რომ სანქციებამდე მივიდეს საქმე, არცერთ შემთხვევაში, „ოცნება“ კომპრომისს არ დაუშვებს მართლმსაჯულების სისტემასთან მიმართებაში და ეს ეხება, პროკურატურასაც, უსაფრთხოების სამსახურს და პოლიციას. “ოცნებამ“ დაინახა, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად დასჭირდა მთელი მართლმსაჯულების სისტემა, უბრალოდ „ნაცმოძრაობისგან“ გადაიბარა ეს ყველაფერი“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს