თამარ გაბუნია - „მწვანე პასპორტის“ შემთხვევაში, ყველა რეგულაცია, რომელიც დაწესებულია, ძალაში რჩება - „მწვანე პასპორტი“ ვერ ჩაანაცვლებს ვერცერთ რეგულაციას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ე.წ. მწვანე პასპორტის მექანიზმის დანერგვის შემთხვევაში, ყველა ის რეგულაცია, რომელიც კოვიდის მართვისთვის დაწესებულია, ძალაში დარჩება.

როგორც მან ჟურნალისტებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, „მწვანე პასპორტი“ ვერცერთ დაწესებულ რეგულაციას ვერ ჩაანაცვლებს.

„ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროგრამაში მომართვიანობა გაიზარდოს.

ამრიგად, ჩვენ ვსაუბრობთ, ე.წ. მწვანე საშვის, მწვანე პასპორტის მექანიზმზე, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულწილად ეპიდუსაფრთხოებაზე დამატებით მოთხოვნებს, მათ შორის, ვაქცინაციაზეც მოთხოვნას. ეს რამდენად იქნება დადებითი სტიმული ვაქცინაციის ქცევისთვის, რთული სათქმელია. მწვანე პასპორტის შემთხვევაში, ყველა ის რეგულაცია, რომელიც დაწესებულია კოვიდის მართვისთვის, ძალაში რჩება. მწვანე პასპორტი ვერცერთ შემთხვევაში, ვერ ჩაანაცვლებს ვერცერთ რეგულაციას,“- განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, მისივე თქმით, გარანტია, რომ საერთოდ გამორიცხულია დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი, არავის შეიძლება ჰქონდეს.

„მწვანე საშვის“ მექანიზმს არ ექნება დაუყოვნებელი შედეგი. „მწვანე საშვის“ მექანიზმი თუ ამოქმედდა, აქ, რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდი უნდა მიეცეს როგორც მომხმარებელს, ასევე დასაქმებულსა და დამსაქმებელს მოსამზადებლად, იმისთვის, რომ თუ აქამდე არ მიუღიათ აცრის გადაწყვეტილება, აიცრან. „მწვანე საშვის“ მექანიზმი არ არის ერთადერთი მექანიზმი და არც მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ როგორც კი მწვანე საშვის მექანიზმი ამოქმედდება, უეცრად ვაქცინაციის პროგრამა დაუბრუნდება დღეში 30 ათას აცრას. ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომ დამატებითი სტიმული შეიქმნას იმ ადამიანებისთვის, ვინც აცრა ვერ გადაწყვიტა. ეს არის ერთ-ერთი და ერთადერთი საშუალება“, - განაცხადა გაბუნიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა