პარლამენტის ყოფილ დეპუტატს გოკა გაბაშვილს პარლამენტის შენობაში არ უშვებენ. გაბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში მოშიმშილე ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად მოვიდა.
როგორც გაბაშვილი განმარტავს, მის სახელზე საშვი თავად ელენე ხოშტარიამ და ასევე, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა დავით ბაქრაძემ დაუშვეს, თუმცა გაბაშვილი საშვთა ბიურომდე მისვლასაც ვერ ახერხებს. პარლამენტის კართან დგას დაცვა და გაბაშვილს შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევს.
„უკანონოდ და უზნეოდ მეუბნებიან, რომ პარლამენტში შესვლის უფლება არა მაქვს იმის მიუხედავად, რომ საშვი დაშვებულია. არ ვიცი, რა პანიკაა - ერთკაციანი რევოლუციის მოწყობას არ ვაპირებ", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
როგორც პარლამენტის დაცვის სამსახურმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები და პარლამენტში დეპუტატების და აპარატის თანამშრომლების გარდა ვერავინ შევა.